სოზარ სუბარი სააკაშვილზე: მახსენდება სულხან-საბას იგავი „მელი მოძღვრად“, რამდენად გამოდგება ეს ადამიანი მოძღვრად, ვერ გეტყვით

როდესაც მოიხდის სასჯელს, თუ იგი ბერად შედგომას გადაწყვეტს, ბუნებრივია, შეუძლია წავიდეს მეუფე ნიკოლოზთან და რომელ მონასტერშიც უნდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, სოზარ სუბარმა ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მან კომენტარი მეუფე ნიკოლოზის ინიციატივაზე გააკეთა.

„სააკაშვილს მისჯილი აქვს 6 წელი და მისი მოხდა საპატიმროში მოუწევს. გარდა ამისა, სასამართლოში მის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს, როგორ დასრულდება ეს ჩვენ ჯერ არ ვიცით. შესაბამისად, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ.

როდესაც მოიხდის სასჯელს, თუ იგი ბერად შედგომას გადაწყვეტს, ბუნებრივია, შეუძლია წავიდეს მეუფე ნიკოლოზთან და რომელ მონასტერშიც უნდა, მაგრამ ყველა შემთხვევაში მახსენდება სულხან-საბას ის ცნობილი იგავი „მელი მოძღვრად“. რამდენად გამოდგება ეს ადამიანი მოძღვრად, ვერ გეტყვით“, – განაცხადა სუბარმა.