ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე – მზად ვართ, ჩვენს თანამშრომლებთან, მათ შორის, გაფიცულ სოციალურ აგენტებთან, გავაგრძელოთ მუშაობა, რათა სერვისები მეტად დაიხვეწოს

მზად ვართ, ჩვენს თანამშრომლებთან, მათ შორის, გაფიცულ სოციალურ აგენტებთან, გავაგრძელოთ მუშაობა, რათა კიდევ უფრო გაუმჯობესდეს პირობები და ჩვენი სერვისები უფრო მეტად დაიხვეწოს, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიამ განაცხადა.

როგორც თამარ ბარკალაიმ აღნიშნა, სამინისტროს მიზანია, დასაქმებულების შრომითი უფლებები და პირობები იყოს ადეკვატური და შესაბამისად, ის სერვისები, რომელიც ბენეფიციარებს მიეწოდებათ, იყოს ხარისხიანი.

„ამ მიმართულებით უკვე არაერთი ნაბიჯი გადაიდგა. დღეის მდგომარეობით, სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს და სოციალურ აგენტებს ხელფასები უკვე მოემატათ. ეს არის გაუმჯობესებული პირობებისკენ ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯი. მზად ვართ, ჩვენს თანამშრომლებთან, მათ შორის, გაფიცულ სოციალურ აგენტებთან, გავაგრძელოთ მუშაობა, რათა კიდევ უფრო გაუმჯობესდეს პირობები და ჩვენი სერვისები უფრო მეტად დაიხვეწოს. შევთანხმდით, რომ ხვალ 12:00 საათზე შევიკრიბებით საინიციატივო ჯგუფთან ერთად და თანამშრომლობის და დიალოგის რეჟიმში ვისაუბრეთ, თუ რა კონკრეტული ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას სამომავლოდ“, – განაცხადა თამარ ბარკალაიამ.

თამარ ბარკალაიას კომენტარს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.