სააკაშვილი – „ძალიან ბევრჯერ ვარ ნამყოფი დევნილთა საცხოვრებელში და მათი ბედი ჩემს ერთ-ერთ მოუშუშებელ ტკივილად რჩება – ძალიან გთხოვთ, არასწორ ხალხს ნუ შეგვადარებთ”

დევნილების მასშტაბური განსახლება მხოლოდ 2008 წლის ბოლოს დავიწყეთ,  ამიტომ, პროგრამას ზუსტად 4 წელი ვახორციელებდით – ახალ ხელისუფლებას რამდენიმე მილიარდი დავუტოვეთ, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს და კიდევ ერთხელ ეხმაურება დევნილების თემას.

როგორც იგი აღნიშნავს, დღეს მთავრობა დევნილების მიმართ სრულ გულგრილობას და გულქვაობას იჩენეს.

„კიდევ ერთხელ დევნილებზე – ახლა ხშირად იმეორებენ, რომ ივანიშვილის 9 წელიწადში იმდენ დევნილს მისცეს საცხოვრებელი, რამდენსაც ჩვენ 8 წელიწადში. ამიტომ, დიდი განსხვავება არ არისო.

ეს ძალიან არასწორი შედარებაა. ჩვენ დაგვხვდა ცარიელი ბიუჯეტი და დევნილების მასშტაბური განსახლება მხოლოდ 2008 წლის ბოლოს დავიწყეთ. ამიტომ, პროგრამას ზუსტად 4 წელი ვახორციელებდით.

ახალ ხელისუფლებას რამდენიმე მილიარდი დავუტოვეთ. ამას იმიტომ კი არ ვწერ, რომ თავი მოვიწონო. ბევრად მეტი უნდა გაგვეკეთებინა და ნამდვილად, კმაყოფილი ვერ ვიქნები ამ სფეროში ჩვენი მუშაობით. თუმცა, ძალიან გთხოვთ, არასწორ ხალხს ნუ შეგვადარებთ. ამათ შეჭამეს ჩვენი დატოვებული ფული და რაც მთავარია, იჩენენ სრულ გულგრილობას და გულქვაობას.
პრეზიდენტობის დროს მე პირადად ძალიან ბევრჯერ ვარ ნამყოფი დევნილთა საცხოვრებელში და მათი ბედი ჩემს ერთ-ერთ მოუშუშებელ ტკივილად რჩება,” – წერია სააკაშვილის წერილში.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, თბილისის ზღვაზე მდებარე სანატორიუმ „ქართლის“ შენობიდან ერთ-ერთი დევნილი მამაკაცი გადმოხტა და გარდაიცვალა. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში ცხოვრებას დიდი ხანი განმავლობაში  აპროტესტებდა.

სანატორიუმ „ქართლში“ შესახლებული დევნილები ალტერნატიული ფართების გამოყოფას ითხოვენ. მათი განცხადებით, კორპუსი რომელშიც ისინი ცხოვრობენ, ავარიულია და საფრთხე ყოველდღიურად იმატებს.