„დღეისთვის ჩვენ გვაქვს კოვიდის 60 ათასი აქტიური შემთხვევა, რაც უახლოვდება ჩვენს ისტორიულ მაქსიმუმს – ოჯახის ექიმების უპრეცედენტო რაოდენობაა მობილიზებული” – თენგიზ ცერცვაძე

მოსახლეობას მინდა მივმართო, ნუ იქნებიან იმის იმედზე, რომ „ომიკრონი“ შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს. ყველა შემთხვევაში, სიმპტომები როგორც კი ექნებათ, გაიარონ ტესტირება – პრინციპულად მნიშვნელოვანია, „ომიკრონი“ დაგიდასტურდება თუ „დელტა“ მკურნალობაში სერიოზული განსხვავებაა- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

ცერცვაძე  საზოგადოებას თხოვს, რომ დაუჯერონ ოჯახის ექიმის რეკომენდაციებს და მიმართონ კლინიკას რაც შეიძლება მალე, რაც იმისა გარანტიაა, რომ ავადმყოფები არ დამძიმდებიან, არ მოხვდებიან რეანიმაციაში და არ დამთავრდება ცუდი შედეგით ავადობა.

„თუ გავითვალისწინებთ, რომ „ომიკრონმა“, რომელიც სხვა ქვეყნებში ჩვენზე ადრე გავრცელდა, ყველა ქვეყანაში მოხსნა ისტორიული რეკორდების რაოდენობა, „ომიკრონი“ ძალიან იოლად და სწრაფად ვრცელდება. ძალიან დიდი ალბათობით, სამწუხაროდ, 8700 შემთხვევა, რომელიც ჩვენთან იყო და ჯერჯერობით ჩვენთვის ყველაზე მაღალი რიცხვი იყო, არ იქნება ბოლო. უახლოეს დღეებში ველით შემთხვევით კიდევ უფრო მეტ მატებას, როგორც ეს მოხდა მთელს მსოფლიოში.

მინდა ყველას იცოდეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ „ომიკრონი“ ნამდვილად ნაკლებად მძიმე დაავადებას იწვევს და პროცენტულად უფრო დაბალ სიკვდილიანობას, იმის ხარჯზე, რომ შემთხვევების რაოდენობა ბევრად მეტია, ვიდრე იყო „დელტას“ დროს, ჯამურად მაინც ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებიც იზრდება და სიკვდილიანობის შემთხვევებიც.

ყველაფერ ამის გათვალისწინებით ჩვენთან მაქსიმალური მზაობაა. თქვენ იცით, კლინიკური სექტორი ყველაზე მძიმე პერიოდშიც იყო სათანადო სიმაღლეზე, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ არცერთი ავადმყოფი არ რჩებოდა და არ რჩება არც დღეს ექიმის გარეშე. ყველა, ვისაც სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, ერთ საათის განმავლობაში ჰოსპიტალიზებულია. არ ყოფილა ჩვენთან შემთხვევა, რომ ვინმეს დაუგვიანდა ჰოსპიტალიზაცია ან საერთოდ დარჩა უექიმოდ.

დღეისთვის ჩვენ გვაქვს 60 ათასი აქტიური შემთხვევა კოვიდის, რაც უახლოვდება ჩვენს ისტორიულ მაქსიმუმს, 62 ათასი იყო ყველაზე მეტი, მაგრამ მიუხედავად ამისა ჯერჯერობით არავითარი პრობლემა პაციენტების ნაკადების მართვაში არ ყოფილა, ჯანდაცვის სამინისტრომ 60 ონლაინ კლინიკას, რომელიც ოჯახის ექიმებით არის დაკომპლექტებული და მკურნალობენ ბინაზე დარჩენილ პაციენტებს, დაამატა კიდევ 40. უპრეცედენტო რაოდენობაა მობილიზებული, ყველა მათგანი მომზადებულია, გავლილი აქვთ ტრენინგი.

კლინიკებში 8 000 საწოლია მობილიზებული და საჭიროების შემთხვევაში მეტი იქნება და რაც ყველაზე მთავარია იმ უახლესი, სიცოცხლის გადამრჩენი მედიკამენტებით, რომელზეც მე ბოლო ორი თვეა სისტემატიურად ვლაპარაკობ, შედეგი უკვე სახეზეა, სიკვდილიანობის რაოდენობა განახევრდა და და კიდევ უფრო მეტად მოიკლო. დღეს იყო 27, რაც ცოტა არ არის, მაგრამ სად 80 და სად 27,” – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.