თენგიზ ცერცვაძე ჯანდაცვის სექტორს მოუწოდებს, გადადონ გვერდზე ყველანაირი ცრურწმენები თუ განსხვავებული შეხედულებები და გამოიყენონ სიცოცხლის გადამრჩენი მედიკამენტები – „რემდესივირი”, „მონოკლონური ანტისხეულები”, „ტოცილიზუმაბი”

„თუ გავითვალისწინებთ, რომ „ომიკრონმა“, რომელიც სხვა ქვეყნებში ჩვენზე ადრე გავრცელდა, ყველა ქვეყანაში მოხსნა ისტორიული რეკორდების რაოდენობა, „ომიკრონი“ ძალიან იოლად და სწრაფად ვრცელდება. ძალიან დიდი ალბათობით, სამწუხაროდ, 8700 შემთხვევა, რომელიც ჩვენთან იყო და ჯერჯერობით ჩვენთვის ყველაზე მაღალი რიცხვი იყო, არ იქნება ბოლო. უახლოეს დღეებში ველით შემთხვევით კიდევ უფრო მეტ მატებას, როგორც ეს მოხდა მთელს მსოფლიოში,” – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

როგორც იგი აცხადებს,  მიუხედავად იმისა, რომ „ომიკრონი“ ნამდვილად ნაკლებად მძიმე დაავადებას იწვევს და პროცენტულად უფრო დაბალ სიკვდილიანობას, იმის ხარჯზე, რომ შემთხვევების რაოდენობა ბევრად მეტია, ვიდრე იყო „დელტას“ დროს, ჯამურად მაინც ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებიც იზრდება და სიკვდილიანობის შემთხვევებიც.

ცერცვაძე ჯანდაცვის სექტორს მოუწოდებს , გადადონ გვერდზე ყველანაირი ცრურწმენები თუ განსხვავებული შეხედულებები და გამოიყენონ სიცოცხლის გადამრჩენი მედიკამენტები.

„მე, რაც მინდა მოვუწოდო ჯანდაცვის სექტორს, არის ის, რომ ჯანდაცვის სექტორმა შეინარჩუნოს როგორმე მდგრადობა და მდგომარეობა, რომელიც დღეს გვაქვს, რაც არ უნდა ბევრი ახალი შემთხვევა დაფიქსირდეს. მომზადებული შევხვდეთ მას.

გადადონ გვერდზე ყველანაირი ცრურწმენები თუ განსხვავებული შეხედულებები, რაც გინდათ ის დაარქვით და იხმარონ რაც შეიძლება ადრეულ სტადიაზე სიცოცხლის გადამრჩენი მედიკამენტები: „რემდესივირი”, „მონოკლონური ანტისხეულები”, „ტოცილიზუმაბი”      “, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.