ზურაბ აზარაშვილი: ყველაზე კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი დევნილებისთვის სხვადასხვა ქალაქში უკვე შევარჩიეთ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწები, გვაქვს მოლაპარაკებები სამშენებლო კომპანიებთან მშენებლობების დაწყებაზე

ჩვენ ყველა მიმართულებით ვმუშაობთ, ყველა შესაძლო რესურსს ვიყენებთ და უახლოეს პერიოდში გვექნება კონკრეტული ხელშესახები შედეგები, – ამის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე დევნილთა განსახლებაზე საუბრისას განაცხადა. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა იმ ნაბიჯებზე ისაუბრა, რომელსაც უწყება ამ საკითხის მოსაგვარებლად დგამს.

„ყველაზე კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი დევნილებისთვის თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და სხვადასხვა ქალაქში უკვე შევარჩიეთ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწები და ახლა მიმდინარეობს პროცესი მუნიციპალიტეტებთან, ქონების მართვის სააგენტოსთან, ამ მიწების გადმოსაცემად. პარალელურად, ჩვენ დაწყებული გვაქვს მოლაპარაკებები სხვადასხვა სამშენებლო კომპანიასთან ამ მიწებზე მშენებლობების დაწყების კუთხით.

ასევე, რადგან ასეთი კრიტიკული მდგომარეობაა სასტუმრო „ქართლთან“ დაკავშირებით, თბილისში მოვიძიეთ მიმდინარე მშენებლობები, სადაც 200-მდე ბინაა და მათთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს არსებული ფასების ფარგლებში შემოვიდნენ გამოცხადებულ კონკურსში და უკვე მიმდინარე წელს ამ ბინებით დავაკმაყოფილებთ ჩვენს მოსახლეობას“, – განაცხადა აზარაშვილმა.