ჟოზეფ ბორელი – ევროკავშირი ამ ეტაპზე უკრაინიდან დიპლომატების ოჯახის წევრების გამოყვანას არ გეგმავს

ევროკავშირი ამ ეტაპზე უკრაინიდან დიპლომატების ოჯახის წევრების გამოყვანას არ გეგმავს. ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ამერიკის სახელმწიფო მდივნის ვიდეოკონფერენციაა დაგეგმილი, სადაც ენტონი ბლინკენი მოკავშირეებს უკრაინიდან დიპლომატების ოჯახის წევრების გაყვანის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.

„სახელმწიფო მდივანი ბლინკენი აგვიხსნის ამ გადაწყვეტილების მიზეზებს. ჩვენ არ ვაპირებთ ანალოგიურად მოქცევას, რადგან არ ვიცით კონკრეტული მიზეზები. ვიდრე მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს, არ მიმაჩნია, რომ ჩვენ უკრაინა უნდა დავტოვოთ“, – განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.

შეგახსენებთ, რეგიონში მზარდი საფრთხის გამო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინაში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების ოჯახის წევრებს ქვეყნის დატოვების მითითება მისცა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე გასცა უკრაინის დატოვების ნებართვა საელჩოს თანამშრომლების ნაწილისთვის და მოუწოდა უკრაინაში მყოფ აშშ-ის მოქალაქეებს, განიხილონ ქვეყნის დატოვების შესაძლებლობა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ მნიშვნელოვან სამხედრო მოქმედებას გეგმავს. სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე აფრთხილებს მოქალაქეებს, არ გაემგზავრონ უკრაინასა და რუსეთში არსებული დაძაბულობისა და აშშ-ის მოქალაქეების წინააღმდეგ საფრთხის პოტენციალის გამო.