სალომე სამადაშვილი – გაუგებარია, რომ დღემდე არ იქნა მოწვეული უშიშროების საბჭოს სხდომა, მაშინ, როდესაც შავი ზღვის რეგიონში შეიქმნა უპრეცედენტო უსაფრთხოების გამოწვევები, რომელიც პირდაპირ ურტყამს ჩვენს ქვეყანას – მოვუწოდებთ ხელისუფლებას დავიწყოთ კონსულტაციები

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მმართველ გუნდს, უახლოეს დღეებში, დავიწყოთ კონსულტაციები, შევაჯეროთ ორივე რეზოლუციის საბოლოო ტექსტი, მოვიწვიოთ კომიტეტის სხდომა, – ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი აცხადებს.

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, საქართველოს პარლამენტში, შესაბამისმა კომიტეტებმა უნდა შეათანხმონ ორი მნიშვნელოვანი რეზოლუციის საბოლოო ტექსტი. ერთი იქნება უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია და მეორე ჩვენი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ რეზოლუცია

„მგონი ყველას გვესმის, რომ ქვეყნის და სახელმწიფოს ისტორიაში დგება ისეთი მომენტი, როდესაც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს პოლიტიკურ კუთვნილებას, როცა პოლიტიკური დემარკაციის ხაზები იშლება და ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები მოითხოვს იმას, რომ ჩვენ ამ პარლამენტში, ოპოზიციამ და უმრავლესობამ მოვძებნოთ საერთო ენა.

დღეს რეგიონის წინაშე მდგარი უპრეცედენტო გამოწვევები ჩვენგან სწორედ ამას მოითხოვს, ამას მოითხოვს ჩვენი სახელმწიფო, ამას მოითხოვს ჩვენი ქვეყნის ისტორია და ჩვენი ქვეყნის მომავალი. ამიტომ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ უახლოეს დღეებში საქართველოს პარლამენტში, შესაბამისმა კომიტეტებმა უნდა შეათანხმონ ორი მნიშვნელოვანი რეზოლუციის საბოლოო ტექსტი.

ერთი იქნება უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია და მეორე ჩვენი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ რეზოლუცია. პლენარულ სხდომაზე კი, როცა საგაზაფხულო სესია გაიხსნება, ეს რეზოლუციები უნდა გახდეს პირველი, რასაც მიიღებს საქართველოს პარლამენტი. ეს იქნება ძალიან ნათელი გზავნილი ყველასთვის – როგორც ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, ასევე რუსეთისთვის, რომ საქართველო და უკრაინა არ აპირებენ არანაირი დათმობებზე წასვლას. პრაგმატული საგარეო პოლიტიკა, მათ შორის რუსეთთან მიმართებით სწორედ ამას მოითხოვს დღეს ჩვენგანაც და ჩვენ, უკრაინელ მეგობრებთან ერთად, ნათელი უნდა გავხადოთ ყველასთვის, რომ ჩვენი არჩევანი – გავხდეთ თავისუფალი სამყაროს წევრები, გავხდეთ ნატო-ს წევრი სახელმწიფოები, რომლებიც იქნებიან დაცულები და ჩვენს სახელმწიფოებრიობას აღარასოდეს არანაირი საფრთხე არ დაემუქრება, ეს ისტორიული არჩევანი ქართველი და უკრაინელი ხალხის მიერ არ გადაიხედება! ამიტომ ეს არ არის რიგითი, მორიგი საკითხი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა უნდა განიხილოს და არ არსებობს არანაირი სივრცე პოლიტიკური ხაზების გასავლებად ამ საკითხთან მიმართებით.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მმართველ გუნდს, უახლოეს დღეებში, დავიწყოთ კონსულტაციები, შევაჯეროთ ორივე რეზოლუციის საბოლოო ტექსტი, მოვიწვიოთ კომიტეტის სხდომა. გაუგებარია, რომ დღემდე არ იქნა მოწვეული უშიშროების საბჭოს სხდომა, მაშინ, როდესაც შავი ზღვის რეგიონში შეიქმნა უპრეცედენტო უსაფრთხოების გამოწვევები, რომელიც პირდაპირ ურტყამს ჩვენს ქვეყანას. მოვუწოდებ პრემიერ -მინისტრს მიმდინარე კვირაში მოიწვიოს გაფართოებული შესაბამისი საბჭოს სხდომა, მიიწვიოს სხდომაზე მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლები, იმიტომ, რომ ჩვენ გაქვს ერთი სახელმწიფო და ერთი ქვეყანა. ამ სახელმწიფოში, თავისუფალ და დამოუკიდებელ სახელმწიფოში უნდა ვიცხოვროთ ყველამ ერთად და ეს არის სწორედ ის ისტორიული მომენტი, რომლის ხელიდან გაშვება არ შეიძლება ეროვნული ერთიანობისა და სოლიდარობის დემონსტრაციისთვის, როგორც ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, ასევე მთელი მსოფლიოსთვის,“- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.