„ქართული ოცნების“ პერიოდში დავკარგეთ სახელმწიფოებრივი ღირსება, როცა ეშინიათ პოზიციის დაფიქსირების, ეს არის სირაქლემას პოზიცია – მამუკა ხაზარაძე

ვფიქრობ, ჩვენი დელეგაცია უკრაინაში უნდა იყოს უბრალოდ სადემონსტრაციოდ ჩასული, უნდა ჩამოართვას ხელი, უნდა თქვას, რომ თქვენს გვერდში ვდგავარ და თავისუფალ სამყაროსთან ერთად, – ამის შესახებ პარტია „ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ „პალიტრანიუსის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, იმის გამო, რომ უკრაინაში საქართველოდან დელეგაცია არ წასულა და პარლამენტს არც მხარდამჭერი რეზოლუცია მიუღია,  პარტია „ლელომ“, მხარდამჭერი წერილი გაუგზავნა როგორც უკრაინის პრეზიდენტს, ასევე რადას სპიკერს.

„გავუგზავნეთ მხარდაჭერის წერილი პრეზიდენტ ზელენსკის, ასევე რადას სპიკერს და ძალიან მკაფიო მხარდაჭერა გამოვუცხადეთ ჩვენი ფრაქციის და პარტიის სახელით, იმიტომ, რომ მეგობრები სწორედ იმ დროს შეიცნობიან, როცა ისინი არიან გაჭირვებაში ან როცა ისინი არიან გამარჯვებაში. სხვა რა უნდა მოხდეს, რომ შენ მხარდაჭერა გამოუცხადო შენს მოძმე ერს და შენს მეგობრებს, რომლებიც იგივე ბრძოლაში არიან, რა ბრძოლაშიც ჩვენ?!

ჩვენ, ბუნებრივია, ვერ ჩავერთვებით ფართომასშტაბიან კონფლიქტში, ბევრი მომენტიდან გამომდინარე, თუმცა პირველი, რასაც გავაკეთებდით, აუცილებლად გადავდგამდით ძალიან მკვეთრ და მკაფიო ნაბიჯებს უკრაინის ხალხის, მათი სუვერენიტეტის, მათი დემოკრატიული ინსტიტუციებისა და მათი თავისუფლების დასაცავად.

მე ვფიქრობ, ჩვენი დელეგაცია იქ უნდა იყოს უბრალოდ სადემონსტრაციოდ ჩასული, უნდა ჩამოართვას ხელი, უნდა თქვას, რომ თქვენს გვერდში ვდგავარ და თავისუფალ სამყაროსთან ერთად, უნდა აჩვენოს, რომ აგრესია არის წარსული, აგრესია და ტერიტორიების გაფართოება, იმპერიისა და საბჭოთა კავშირის აღდგენა, ჩაბარებულია წარსულს, ამას პერსპექტივა არ აქვს. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ჩვენი პატარა ერი ვართ, პატარა ქვეყანა ვართ და ასეთ რამეში მონაწილეობა არ უნდა მივიღოთ, ეს უკვე ღირსებისა და ქვეყნის მომავალი პოზიციონირებისა და თავისუფლების საკითხია.

ჩვენ ამ ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ პერიოდში დავკარგეთ სახელმწიფოებრივი ღირსება, როცა ეშინიათ პოზიციის დაფიქსირების. ეს არის სირაქლემას პოზიცია. დღეს საქართველოს ხმა არ ისმის და როცა უკრაინაზეა საუბარი, იქ ყოველთვის უნდა იყოს საქართველოს ხსენება ყველა დელეგაციაში. ჩვენ უპოზიციო ქვეყნად ჩამოვყალიბდით,“ – განაცხადა ხაზარაძემ.