მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო მოძმე უკრაინას – დღეს, მთავარი ამოცანაა უკრაინაში ახალი ომის არდაშვება და ყველა ჩვენი ძალისხმევა აქეთ უნდა იყოს მიმართული – შალვა პაპუაშვილი

„მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო მოძმე უკრაინას საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტზე და ხალხის უსაფრთხოებაზე ზრუნვის საკითხში.

აბსოლუტურად მიუღებელია ნებისმიერი ქვეყნის მხრიდან სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის თუ ტერიტორიული მთლიანობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით მთავარი ამოცანაა უკრაინაში ახალი ომის არდაშვება და დასავლეთის ერთიანი პოზიცია მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას მჭიდრო კომუნიკაცია აქვს დასავლელ პარტნიორებთან და მოქმედებს აღნიშნული კომუნიკაციის შესაბამისად.

„მე რამდენიმე დღის წინ მქონდა შეხვედრა საქართველოში უკრაინის ელჩთან და მასაც გამოვუცხადე ჩვენი თანადგომა.

დღეს , მთავარი ამოცანაა უკრაინაში ახალი ომის არდაშვება და ვფიქრობ, ყველა ჩვენი ძალისხმევა, უნდა იყოს მიმართული სწორედ აქეთ, რომ არ მოხდეს ახალი ომი უკრაინაში. შესაბამისად, ეს არის როგორც უკრაინის, ისე საქართველოს ინტერესებში და მთლიანად რეგიონის ინტერესებში.

აქ მნიშნელოვანი და კრიტიკულია დასავლეთის ერთიანობა იმისთვის, რომ არ იყოს დაშვებული საომარი მოქმედებები უკრაინაში.

ჩვენ მჭიდრო კომუნიკაციაში ვართ ჩენს დასავლელ პარტნიორებთან და რა თქმა უნდა, ვმოქმედებთ სწორედ ამ კომუნიკაციის შესაბამისად“,-განაცადა შალვა პაპუაშვილმა.