ბექა ბასილაია – დღეს გამოკვლეულ არც ვიდეომტკიცებულებებში და არც წერილობით მტკიცებულებებში არც ერთი ფორმით მიხეილ სააკაშვილის რაიმე დანაშაულზე საუბარი არ არის – ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული დევნა

დღეს გამოკვლეულ არც ვიდეომტკიცებულებებში და არც წერილობით მტკიცებულებებში არც ერთი ფორმით მიხეილ სააკაშვილის რაიმე დანაშაულზე საუბარი არ არის და ვერც იქნება, იმიტომ რომ ამ საქმეზე მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული დევნა ,- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ 7 ნოემბრის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

საუბარია მტკიცებულებებზე, რომლებიც დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურატურამ წარმოადგინა 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევასთან დაკავშირებით.

„რაც შეეხება საკითხს, რა ვიდეოები იქნა გამოკვლეული, ეს არის პოლიტიკური საკითხები, როცა თანამდებობის პირები ერთმანეთს ხვდებიან და ამ შეხვედრებს ესწრებოდა ბადრი პატარკაციშვილი, ჩვენ გვესმოდა, რომ იქ რაიმე კრიმინალური, რაიმე კანონს მიღმა და მსგავსი საუბარი არ ყოფილა. ეს იყო ბადრი პატარკაციშვილთან არსებული საუბრები, ეს ჩანაწერები წარმოადგინა პროკურატურამ, ვიდრე პროკურატურა წარმოადგენდა, ეს ჩანაწერები ინტერნეტწყაროებში გავრცელებულია და იქ არავითარი დანაშაულებრივი არ იკვეთება“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. მას მიხეილ სააკაშვილი არ ესწრებოდა.