ჯანმოს დირექტორი: სახიფათოა იმის ვარაუდი, რომ „ომიკრონი“ კორონავირუსის ბოლო ვარიანტია და მსოფლიო პანდემიის დასასრულს უახლოვდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ სახიფათოა იმის ვარაუდი, რომ „ომიკრონი“ კორონავირუსის ბოლო ვარიანტია და მსოფლიო პანდემიის დასასრულს უახლოვდება.

„მიმდინარე წელს პანდემიის მწვავე ფაზის დასრულება შეგვიძლია. შეგვიძლია დავასრულოთ Covid-19, როგორც გლობალური ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობა. სახიფათოა იმის ვარაუდი, რომ „ომიკრონი“ კორონავირუსის ბოლო ვარიანტია ან საუბარი პანდემიის დასრულებაზე, რადგან მსოფლიოში ამჟამად იდეალური პირობებია შექმნილი სხვა ვარიანტების გაჩენისთვის, მათ შორის უფრო გადამდები და უფრო ვირუსული ვარიანტებისთვის“, – აღნიშნა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

მისივე თქმით,კორონავირუსთან ერთად ცხოვრების სწავლა არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ მას თავისუფლება უნდა მივცეთ.

„პანდემიის მწვავე ფაზის დასასრულებლად ქვეყნებმა ვაქცინის უთანასწორობას უნდა ებრძოლონ, ვირუსი და მისი ვარიანტები აკონტროლონ და შეზღუდვის ადაპტირებული ზომები მიიღონ.

მართალია, რომ უახლოეს მომავალში კორონავირუსთან ერთად ვიცხოვრებთ, თუმცა კორონავირუსთან ერთად ცხოვრების სწავლა არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ მას თავისუფლება უნდა მივცეთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ ის, რომ დაახლოებით 50 000 ადამიანი ყოველ კვირას განკურნებადი დაავადებისგან იღუპება“, – აღნიშნა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.