თამარ გაბუნია: როცა მდგომარეობა ამას არ მოითხოვს, „ომიკრონით” ინფიცირებლი ბავშვისთვის უმჯობესია დარჩეს ოჯახურ გარემოში და იყოს მშობლებისა და პედიატრის მეთვალყურეობის ქვეშ

შემთხვევების მატებასთან ერთად, ბავშვებში კორონავირუსის გავრცელებამ მოიმატა, განსაკუთრებით გასული 1 კვირის განმავლობაში მომატებულია ჰოსპიტალიზაციაც, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ „ქრონიკაში“ განაცხადა. მისი განმარტებით, მთელი პანდემიის განმავლობაში ბავშვების ჰოსპიტალიზაცია ძალიან დაბალ მაჩვენებელზე იყო.

გაბუნიას თქმით, ნაკადების მატებასთან ერთად, საწოლფონდი მობილიზებულია.

„თუ დღეს ბავშვს სჭირდება ჰოსპიტალიზაცია და ბუნებრივია, არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ მას ჰოსპიტალური მკურნალობა ჩაუტარდეს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ „ომიკრონის“ შემთხვევები, უმეტესად მსუბუქი მიმდინარეობისაა. ამდენად, ბავშვი თუ წლამდე ასაკის არ არის და არა აქვს სიცხე ან სხვა გამოხატული ქრონიკული დაავადება, რომელიც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას საყურადღებოს ხდის, ბავშვის მართვა თავისუფლად შეუძლია ოჯახის ექიმს ბინაზე. ჰოსპიტალური სექტორი ჯერჯერობით ნაკლებად დატვირთულია“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

მან ასევე ბავშვების მკურნალობის პროტოკოლზეც ისაუბრა. როგორც თამარ გაბუნიამ განმარტა,0, ჯანდაცვის სამინისტროში ახალი პროტოკოლი უკვე მიიღეს.

„აქ არის დაკონკრეტებული ბავშვების ბინაზე მართვასთან დაკავშირებული საკითხები. როცა მდგომარეობა ამას არ მოითხოვს, ბავშვისთვის უმჯობესია დარჩეს ოჯახურ გარემოში და იყოს მშობლებისა და პედიატრის მეთვალყურეობის ქვეშ. თუკი არის საყურადღებო სიმპტომები, მხოლოდ ამ შემთხვევაშია ჰოსპიტალიზაცია რეკომენდებული“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.