მაია ზალდასტანიშვილი: ზოგი პაციენტის შემთხვევაში, „ომიკრონის“ დადასტურება PCR-ტესტითაც გართულებულია – როცა ოჯახის ორ წევრს კოვიდი უდასტურდება და მესამესაც კლინიკური ნიშანი აქვს, რა თქმა უნდა, ისიც კოვიდინფიცირებულია

ინფექციური კლინიკის მიმღები განყოფილების ხელმძღვანელი, მაია ზალდასტანიშვილი აცხადებს, რომ „ომიკრონ“ შტამის შემთხვევაში, ხშირად, PCR-ტესტირების დროსაც კი, ვირუსი ვერ დგინდება, თუმცა პირი ინფიცირებულია.

„ტესტირების ძალიან ბევრი მსურველია. მათ ნაწილს კლინიკური ნიშანი აღენიშნება და კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულთან. სამწუხაროდ, ასეთ პაციენტთა რიცხვი გაიზარდა. რაც შეეხება დადასტურებას – დადასტურება არცთუ იშვიათია და საკმაოდ ხშირია, მაგრამ საკმაოდ ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც პაციენტს კლინიკური ნიშნები აქვს, მაგრამ არ დასტურდება, თუმცა, მიიჩნევა, რომ მას კოვიდი აქვს. როცა ოჯახის ორ წევრს კოვიდი უდასტურდება და მესამესაც კლინიკური ნიშანი აქვს, რა თქმა უნდა, ისიც კოვიდინფიცირებულია. წინა შტამების შემთხვევაში, როცა ვეჭვობდით, რომ კოვიდინფექცია იყო, ეს თითქმის ყველა შემთხვევაში დასტურდებოდა. იყო რაღაც რაოდენობის ცდომილება, მაგრამ აქ ცოტა გართულებულია დადასტურება და პაციენტებს არა ერთხელ და ორჯერ სჭირდებათ PCR-ტესტირება“, – აცხადებს მაია ზალდასტანიშვილი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 075 154 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 972 745, გარდაიცვალა 14 774 პაციენტი.