გიორგი ფხაკაძე – მრჩევლებს, რომლებიც პრემიერსა და ჯანდაცვის მინისტრს ტექნიკურ რჩევებს აძლევენ, პირველი პირები შეცდომაში შეჰყავთ, დაინტერესებული არიან  სხვადასხვა მიმართულებით

საქართველოში არსებობს სხვადასხვა ბიზნესინტერესები როგორც ფარმაინდუსტრიის, კლინიკების ინდუსტრიის, მომმარაგებლების მხრიდან, ჯანდაცვის სისტემაში ბევრი გადაწყვეტილებები ხშირ შემთხვევაში, გამჭვირვალედ არ მიიღება. გარკვეული ინტერესების ლობირება ხდება, რაც დიდ ზიანს აყენებს ჯანდაცვის სისტემას და, საბოლოო ჯამში, ქვეყანას, – ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი და პროფესორი გიორგი ფხაკაძე „ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს.

როგორც იგი ამბობს, ჯანდაცვის სისტემაში არ გვაქვს გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება, შესაბამისად, ჯანდაცვა ხარჯეფექტური ვერ იქნება. მისივე თქმით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა მთლიანად ელექტრონულ ჯანდაცვაზე უნდა გადავიდეს.

„ჯანდაცვის სამინისტროს სჭირდება ტექნიკური დახმარება და ეს გადაუდებლად არის გასაკეთებელი, რადგანაც შექმნილ ვითარებაში ჯანდაცვის სისტემის კრახი ქვეყნის კრახია.

ჯანდაცვის სისტემა გამოწვევის წინაშეა. პრობლემის ძირითადი მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ არ არის გათვალისწინებული სისტემის ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა და ხარჯეფექტურობა.

მკაფიოდ არ ჩანს, ჯანდაცვის სისტემაში ვინ ვის წინაშეა ანგარიშვალდებული. მიიღება გადაწყვეტილებები, რომელსაც ტექნიკური და პოლიტიკური საფუძველი არ გააჩნია.

ვინაიდან, არსებობს სხვადასხვა ბიზნესინტერესები როგორც ფარმაინდუსტრიის, კლინიკების ინდუსტრიის, მომმარაგებლების მხრიდან, ჯანდაცვის სისტემაში ბევრი გადაწყვეტილებები ხშირ შემთხვევაში, გამჭვირვალედ არ მიიღება. გარკვეული ინტერესების ლობირება ხდება, რაც დიდ ზიანს აყენებს ჯანდაცვის სისტემას და, საბოლოო ჯამში, ქვეყანას.

რადგანაც სისტემაში არ გვაქვს გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება, შესაბამისად, ჯანდაცვა ხარჯეფექტური ვერ იქნება. სისტემაში არასწორი დაგეგმვისა და არახარჯეფექტური გადაწყვეტილებების შედეგად გადასახადების გადამხდელთა თანხების ანუ, სახელმწიფო ბიუჯეტის არარაციონალური ხარჯვის პრობლემას ვაწყდებით.

რა არის გამოსავალი?  საქართველოს ჯანდაცვის სისტემა მთლიანად ელექტრონულ ჯანდაცვაზე უნდა გადავიდეს. პირველ რიგში, ეს უნდა იყოს ერთიანი ელექტრონული სისტემა და უნდა არსებობდეს პაციენტის ელექტრონული ბარათი. საქართველოს მოქალაქის პირად ნომერზე უნდა იყოს მიბმული მისი პირადი ჯანდაცვის ელექტრონული ბარათი, სადაც იქნება თავმოყრილი პაციენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია. პაციენტზე ჩატარებული ყველა ლაბორატორიული ანალიზის, ინსტრუმენტული გამოკვლევის, სამედიცინო მანიპულაციის შესახებ ინფორმაცია უნდა იყოს ერთ ადგილას აკუმულირებული. იქვე უნდა იყოს მითითებული დიაგნოზი და სამკურნალო დანიშნულება.

თუ არ იქნება შემოღებული ელექტრონული ბარათი, ის ნამდვილად კარგი ინიციატივები, რაც პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა, პრაქტიკულად ვერ განხორციელდება. როგორც ჟენევიდან ვხედავ, პრემიერ-მინისტრმა შეაფასა არსებული პრობლემები და გამოსავლის პოვნას ცდილობს. ეს ჩანს, მაგრამ პრემიერ-მინისტრი არ არის ჯანდაცვის დარგის ტექნიკური სპეციალისტი, სამწუხაროდ, არც ჯანდაცვის მინისტრია ასეთი.

საკითხი დგას შემდეგნაირად – მრჩევლებს, რომლებიც პრემიერს და ჯანდაცვის მინისტრს ტექნიკურ რჩევებს აძლევენ, პირველი პირები შეცდომაში შეჰყავთ და, შედეგად, სახელმწიფო ზარალდება. პირდაპირ ვთქვათ სიმართლე – მრჩევლები დაინტერესებული პირები არიან  სხვადასხვა მიმართულებით, ეს იქნება ფინანსური, ტექნიკური თუ სხვა.

მე სრულიად ვეთანხმები პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას საქართველოში თურქული ფარმაცევტული პროდუქციისთვის ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით. მაგრამ უნდა ვუთხრა პრემიერ-მინისტრს, რომ იმპორტიორებისადმი მოწოდებით, შემოიტანონ მედიკამენტები, პრობლემა ვერ გადაიჭრება და ჩაკეტილ წრეს ვერ გაარღვევს. ასევე ჯანდაცვის მინისტრის მიერ შექმნილი საბჭო, რომელიც მედიკამენტებთან დაკავშირებით მსჯელობს, ჩვეულებრივი კომუნისტური გადმონაშთია და ადეკვატურ გადაწყვეტილებებს ვერ იღებს. პირდაპირ ვაცხადებ, ეს საბჭო ფარსია და მათ პრემიერ-მინისტრი შეცდომაში შეიყვანეს”, – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.

ამასთან, როგორც ექპსერტი ამბობს, თურქეთის ფარმაცევტული ბაზრის გახსნა ძალიან კარგი, უპრეცედენტო და რთული პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, თუმცა მისივე თქმით, პრემიერი შეცდომაშია შეყვანილი, სავარაუდოდ, კორუმპირებული პირების მიერ, რომლებსაც მხოლოდ პირადი მოგება აინტერესებთ.

„ჩამოვაყალიბებ, რა არის გამოსავალი:

  • 1. ელექტრონული ჯანდაცვის სისტემაზე გადასვლა – თოთოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს პირადი ელექტრონული ბარათი. მე, გიორგი ფხაკაძეს, უფლება რომ მომცეთ, ქვეყანაში ამ ბარათს სამ თვეში დავნერგავ, სახელმწიფოში არსებული რესურსების საფუძველზე, ზედმეტი ტენდერების და ფინანსური დანახარჯების გარეშე. სამ თვეში ყველა სამედიცინო დაწესებულება უნდა გადავიდეს პაციენტის ელექტრონულ ბარათზე. მე ეს ბევრ ქვეყანაში განმიხორციელებია.

2. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა პრემიერ-მინისტრს ფარმაცევტული ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით, თურქეთში დარეგისტრირებული მედიკამენტები საქართველოში ავტომატურად იქნება დარეგისტრირებული. ეს უპრეცედენტო და რთული პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რომელიც დღემდე არავის გაუკეთებია. მადლობა მას ამისთვის, მაგრამ, ვიმეორებ, პრემიერი შეცდომაშია შეყვანილი, სავარაუდოდ, კორუმპირებული პირების მიერ, რომლებსაც მხოლოდ პირადი მოგება აინტერესებთ და არა ჯანდაცვის სისტემის და ქვეყნის განვითარება.

პრემიერის ზემოაღნიშნულ ნაბიჯს ერთი პატარა, მაგრამ აუცილებელი კომპონენტი უნდა დაემატოს – უნდა განხორციელდეს გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები და კანონში ჩაემატოს შემდეგი წინადადება: „საქართველოში რეგისტრირებული წამალი ქვეყნის ნებისმიერ აფთიაქში ხელმისაწვდომი უნდა იყოს“. თავიდან, ბუნებრივია, იქნება გარკვეული ლოჯისტიკური პრობლემები, მაგრამ ამის მოგვარება შეიძლება. მოქალაქეს უნდა შეეძლოს, მისთვის გამოწერილი მედიკამენტი ნებისმიერ აფთიაქში მაქსიმუმ 24 საათში მიიღოს. ეს სისტემა არის აუცილებლად ასაწყობი და ის მედიკამენტებს გააიაფებს.

პრემიერის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის დროული და საჭირო, მაგრამ ამ გადაწყვეტილების განხორციელებას სჭირდება არაკორუმპირებული ტექნიკური სამედიცინო ექსპერტები, რომელიც პროცესების სწორად წარმართვაში დაეხმარებიან. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ჯანდაცვის მინისტრის ირგვლივ მე ასეთ მიუკერძოებელ და პროფესიონალ ექსპერტებს ვერ ვხედავ. ჩანს, რომ მრჩევლებად არიან სხვადასხვა ბიზნესინტერესებში ჩართული პირები, რომლებიც პრემიერის ინიციატივას საფრთეს უქმნიან.

მე ვფიქრობ, მედიკამენტების ფასების რეგულირებაზე საუბარი ცოტა ნაადრევია, ჯერ ის სისტემაა ასაწყობი, რაზეც ზემოთ მოგახსენეთ. მეორე ეტაპზე კი ან პრემიერმა, ან პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ფარმაკომპანიებისთვის განისაზღვროს მაქსიმალური ზღვრული მოგება, რომლის ზემოთ ისინი ფასის მომატებას ვერ შეძლებენ. ეს მოაგვარებს საქართველოში მედიკამენტებზე არსებული არარეალური ფასნამატის პრობლემას.

  • 3. ცვლილებების შემდეგი ეტაპი გულისხმობს სამედიცინო დაწესებულებების ოპტიმიზაციას. პატარა, 3 მილიონიან ქვეყანაში 471 მულტიპროფილური საავადმყოფო არ გვჭირდება. რეალურად, ეს კლინიკები არიან წურბელები, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტის ფინანსებით იკვებებიან და ჯანდაცვის სისტემას ანადგურებენ. ექიმებს აქვთ დაბალი ხელფასები, რაც მათ აიძულებს, რამდენიმე ადგილას იმუშაონ, რაც თავის მხრივ ეფექტურობას ზიანს აყენებს.

კერძო კლინიკები ბაზარმა უნდა დაარეგულიროს. რაც შეეხება სახელმწიფო საავადმყოფოებს, წინა ჯანდაცვის მინისტრმა დაიწყო საინტერესო რეფორმა, რომელსაც ბოლომდე მიყვანა სჭირდება. რეფორმის ფარგლებში უნდა განხორციელდეს სამედიცინო დაწესებულებების ოპტიმიზაცია. ყველა რეგიონში უნდა იყოს ერთი ძლიერი სახელმწიფო საავადმყოფო, თბილისში – 2 ან 3. რეფერალურ საავადმყოფოებში სახელმწიფოს მხრიდან უნდა იყოს ჩადებული მაქსიმალური რესურსი და ინვესტიცია. იქ უნდა იყოს საუკეთესო აღჭურვილობა, საუკეთესო მედპერსონალი, საუკეთესო შრომის ანაზღაურება და ა.შ.. ქვეყანაში ჯანდაცვის სერვისებს ძირითად მაინც სახელმწიფო აფინანსებს და ეს სახელმწიფო ფული უმჯობესია, არა კერძო კლინიკების მმართველების კოლოსალურ ხელფასებში, არამედ სახელმწიფო საავადმყოფოების განვითარებაზე დაიხარჯოს.

სახელმწიფომ კლინიკებისთვის მინიმალური სტანდარტები მაინც უნდა დააწესოს და სახელმწიფო საავადმყოფოებს მკურნალობის საუკეთესო სტანდარტები უნდა ჰქონდეთ. გარკვეული მიმართულებებით უნდა არსებობდნენ კერძო კლინიკებიც, მაგრამ მოსახლეობას ძირითადი სამედიცინო სერვისები სახელმწიფო საავადმყოფოების მეშვეობით და აუცილებლად მაღალი სტანდარტებით უნდა მიეწოდოს. ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული დაფინანსება ჯერ უნდა ხორციელდებოდეს სახელმწიფო საავადმყოფოებში და შემდეგ – კერძო კლინიკებში, აუცილებლობიდან გამომდინარე.

  • 4. ხარისხი – ეს უნდა იყოს ჯანდაცვის სისტემის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი. ინიციატივა, რომელიც მე წამოვიწყე და გულისხმობს სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციას, უნდა გაგრძელდეს და გაძლიერდეს. აუცილებელია, ქვეყანაში არსებობდეს სამედიცინო დაწესებულებების დამოუკიდებელი აკრედიტაცია, რომელშიც არ იქნება გარეული არც კერძო და არც სახელმწიფო ინტერესები. ყველა სამედიცინო დაწესებულება, რომელიც ქვეყანაში ფუნქციონირებს, აუცილებლად აკრედიტირებული უნდა იყოს. სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება მხოლოდ იმ საავადმყოფომ უნდა მიიღოს, რომელსაც მიღებული აქვს დამოუკიდებელი აკრედიტაცია. ამით ქვეყანაში უზრუნველყოფილი იქნება სამედიცინო სერვისების ხარისხი. რაც შეეხება სტანდარტებს, ეს გულისხმობს ექიმების უწყვეტ სამედიცინო განათლებას, ინფექციის კონტროლს და ა.შ.. ამ სტანდარტების მინიჭებაში სახელმწიფო არ უნდა გაერიოს, რადგან პრაქტიკამ გვანახა, რომ ეს არ მუშაობს.

ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით საჭირო იქნება დარგობრივი ასოციაციების ფუნქციონირების გარკვეულწილად გადახედვა, ასოციაციების რეაკრედიტაცია უნდა მოხდეს, რის შემდეგაც მათ გარკვეული ბერკეტები უნდა მიეცეთ. მედიცინის თითოეულ დარგში თითო ასოციაცია უნდა იყოს, რომელშიც იმ დარგის სპეციალისტები გაერთიანდებიან მმართველობის არჩევითი პრინციპით. სხვადასხვა სამედიცინო ასოციაციებმა უნდა იმუშაონ სტანდარტების შემუშავებაზე. ასევე ამ ასოციაციებმა უნდა შეიმუშაონ რეკომენდაციები, რამდენი ექიმი სჭირდება ამა თუ იმ დარგში ქვეყანას. უნდა მოხდეს ფუნქციების დელეგირება და უნდა არსებობდეს ერთობლივი ლიცენზია, რომელსაც გასცემს ჯანდაცვის სამინისტრო და შესაბამისი სამედიცინო ასოციაცია.

საქართველოს ჯანდაცვის სისტემას ბევრი ცვლილება სჭირდება, მაგრამ ზემოთაღნიშნული ოთხპუნქტიანი გეგმა არის ამ ეტაპზე გადაუდებლად განსახორციელებელი”, – წერს გიორგი ფხაკაძე.