ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატები „ნეტფლიქსის“ წინააღმდეგ სარჩელზე კალიფორნიის შტატის სასამართლოს პირველ შუალედურ გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში ელოდებიან

„ნეტფლიქსის“ წინააღმდეგ ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის სარჩელზე განხილვები ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიის შტატის ცენტრალური ოლქის საოლქო სასამართლოში მხარეთა ჩართულობის გარეშე დაიწყო.

იურიდიულ ფირმა BLB-ში, რომელიც ნონა გაფრინდაშვილის ინტერესებს იცავს, აცხადებენ, რომ საქმის მოსამართლე ვირჯინია ა. ფილიპსი გადაწყვეტილებას გამოაქვეყნებს მხარეთა ზეპირი ახსნა-განმარტებების მოსმენის გარეშე. ადვოკატები ვარაუდობენ, რომ მოსამართლის შუალედური გადაწყვეტილება გონივრულ ვადებში გახდება ცნობილი.

„პრაქტიკულად, ბევრი არაფერი შეცვლილა სამართლებრივი თვალსაზრისით. შეიცვალა მხოლოდ პროცედურა. გუშინ მთელი ჩვენი გუნდი ველოდებოდით ზეპირ მოსმენას და ჩვენი ამერიკელი პარტნიორები ჩაფრინდნენ კიდევაც ლოს ანჯელესში; უბრალოდ, განხილვის ფორმატი შეიცვალა. მოსამართლემ ჩათვალა, რომ ამ ეტაპის გადაწყვეტილებას მიიღებს ზეპირი მოსმენის გარეშე. ჩვენ ხომ აქამდე გავიარეთ ეს მოსამზადებელი პერიოდი, მათი და ჩვენი მოსაზრებები მოისმინა მოსამართლემ. საბოლოოდ, მივიღეთ ბოლო ინფორმაცია, რომ მოსამართლე მხარეთა მოსმენის გარეშე მიიღებს გადაწყვეტილება.

ეს გადაწყვეტილება, ჩვენი ვარაუდით, გონივრულ ვადებში უნდა იყოს. პრაქტიკულად, ყოველდღე ველოდებით – ველოდებით დღეიდან ყოველდღე. “, – განაცხადა კომპანია BLB-ის პარტნიორმა, მაია მწარიაშვილმა.

ნონა გაფრინდაშვილმა „ნეტფლიქსს“ გასული წლის სექტემბერში უჩივლა. საქმე ეხება „ნეტფლიქსის“ მინისერიალ „​ლაზიერის გამბიტს“. როგორც სარჩელშია ნათქვამი, სერიალის ერთ-ერთ ეპიზოდში ნონა გაფრინდაშვილის კარიერული მიღწევების შესახებ არასწორი ინფორმაცია გავრცელდა. კერძოდ, „ნეტფლიქსის“​ სერიალის ერთ-ერთ ეპიზოდში ნათქვამია, რომ გაფრინდაშვილს მამაკაც მოჭადრაკესთან არასდროს უთამაშია, რაც სიცრუეს წარმოადგენს. სარჩელში ნათქვამია, რომ „ლაზიერის გამბიტში“ აღწერილი ეპიზოდი 1968 წელს განვითარებულ მოვლენებს აღწერს, რა დროსაც გაფრინდაშვილს უკვე ჰქონდა ნათამაშები 50-ზე მეტ მამაკაც მოჭადრაკესთან.