გია ვოლსკი – ოპოზიციონერების უკრაინაში გამგზავრებაში ცუდი არაფერია, ცუდია კეკლუცობა იმის ფონზე, რომ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს

„ნაციონალური მოძრაობის“ ბევრმა წარმომადგენელმა ქვეყნის წინაშე დააშავა და დღეს ამ დანაშაულის გამოსყიდვა იმით, რომ უკრაინაში ჩავიდნენ და დროშები აფრიალონ, არ არის საკმარისი, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ.

გია ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა „ლელოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების უკრაინაში ჩასვლასთან დაკავშირებით.

„ცუდი იმაში არაფერია, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები უკრაინაში გაემგზავრნენ, მაგრამ ცუდია პოლიტიკური კეკლუცობა იმის ფონზე, რაც საქართველოს პარლამენტში დაატრიალეს, როცა რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს, პრეტენზიები ჰქონდათ და რუსეთის თემა აქვთ ამოჩემებული მაშინ, როცა თავად რუსეთს ყველაფერი შეუქმნეს და ყოფილ და მოქმედ ხელისუფლებას ხელი შეუკრა სააკაშვილის იმ ქმედებებმა, რაც საკმაოდ მძიმე შედეგებს გვაძლევს ოკუპაციის მიმართულებით.

ამ ყველაფრის ფონზე, უკრაინაში ოპოზიციის წარმომადგენლების ჩასვლა არის პოლიტიკური კეკლუცობა.

შემიძლია, ეს ყველაფერი უფრო მძიმედაც შევაფასო, მაგრამ ამ დელეგაციებში არიან ადამიანები, რომლებიც ღირსეულად ფიქრობენ იმ პრობლემებზე, რაც ქვეყანას გააჩნია. „ნაციონალური მოძრაობის“ ბევრმა წარმომადგენელმა ქვეყნის წინაშე დააშავა და დღეს ამ დანაშაულის გამოსყიდვა იმით, რომ უკრაინაში ჩავიდნენ და დროშები აფრიალონ, არ არის საკმარისი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.