ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა გაერო-ს მიმართავს, აფხაზეთს „დამკვირვებელი სახელმწიფოს“ სტატუსი მიენიჭოს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა გაერო-ს მიმართავს, აფხაზეთს „დამკვირვებელი სახელმწიფოს“ სტატუსი მიენიჭოს, – ინფორმაციას რუსული მედია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ მიმართვა „გაერო-ს ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის“ ვიცე-პრეზიდენტს, ალექსეი ბორისოვს მოსკოვში გამართული შეხვედრის დროს გადასცა.

„ინალ არძინბასა და ალექსეი ბორისოვს შორის შეხვედრა რუსეთის ფედერაციაში აფხაზეთის რესპუბლიკის საელჩოში შედგა. შეხვედრისას არძინბამ ბორისოვს გადასცა მიმართვა გაერო-ს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშისადმი, რომელშიც აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მას მოუწოდებს, აფხაზეთის რესპუბლიკას მიენიჭოს დამკვირვებელი სახელმწიფოს სტატუსი გაეროში, რაც გაეროს გენერალური ასამბლეის დისკუსიებში მონაწილეობის საშუალებას იძლევა“, – აღნიშნულია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყების განცხადებაში.