იენს სტოლტენბერგი – შეხვედრებს გავმართავთ პარტნიორებთან საქართველოდან და უკრაინიდან, ნატო-ს მინისტერიალი არის პლატფორმა ამ ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის მნიშვნელობაზე სასაუბროდ

ნატო-ს მინისტერიალი არის პლატფორმა ევროპის ყველა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს და უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მნიშვნელობაზე სასაუბროდ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრის გამართვამდე განაცხადა.

„მინისტერიალზე ყურადღება გამახვილებული იქნება ევროპაში არსებულ უსაფრთხოების ვითარებაზე. ჩვენ ასევე გავმართავთ შეხვედრებს ჩვენს პარტნიორებთან საქართველოდან და უკრაინიდან. ეს იქნება პლატფორმა ევროპის ყველა ქვეყნის, მათ შორის საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მნიშვნელობაზე სასაუბროდ“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

ამასთან, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ალიანსში სხვა ქვეყნების გაწევრიანებაზეც ისაუბრა.

„რუსეთი არ წყვეტს, ვინ გახდება ნატო-ს წევრი და ვინ არა. ეს ალიანსის 30 მოკავშირე ქვეყნის გადასაწყვეტია. ეს პრინციპი ალიანსის წევრებმა მკაფიოდ დააფიქსირეს. ეს პრინციპი ეხება ევროპის ყველა ერის პატივისცემას, თავად აირჩიონ საკუთარი გზა, სურთ თუ არა ორგანიზაციაში გაწევრიანება. ეს პრინციპი გაწერილია არა მარტო ნატო-ს წესდებაში, არამედ ჰელსინკის საბოლოო აქტში“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.