რუსეთის მხრიდან ადგილზე დეესკალაციას ჯერ ვერ ვხედავთ, პირიქით, როგორც ჩანს, რუსეთი აგრძელებს სამხედრო ძალების გაძლიერებას – იენს სტოლტენბერგი

რუსეთის მხრიდან ადგილზე დეესკალაციას ჯერ ვერ ვხედავთ, – აღნიშნულის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ალიანსის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

სტოლტენბერგის განცხადებით, იმედი აქვთ, რუსეთი ჩაერთვება დიალოგში და კონფრონტაციის ნაცვლად დიპლომატიას აირჩევს.

„ჩვენ ჯერჯერობით ვერ ვხედავთ ადგილზე დეესკალაციას. პირიქით – როგორც ჩანს, რუსეთი აგრძელებს სამხედრო ძალების გაძლიერებას. ამასთან, ჩვენ არ მიგვიღია პასუხი 26 იანვარს რუსეთისთვის გაგზავნილ წერილობით წინადადებებზე, რომლებიც ასახავს საკითხებს, სადაც ნატო-ს მოკავშირეები მზად არიან, დასხდნენ რუსეთთან ერთად და შეეცადონ, იპოვონ პოლიტიკური გზა. ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთისთვის მკაფიო შეტყობინების გაგზავნას, რომ მზად ვართ, დავსხდეთ და მათთან ერთად განვიხილოთ, თუმცა ამავდროულად მზად ვართ უარესისთვის. და თუ რუსეთი კიდევ ერთხელ შეიჭრება უკრაინაში, მათ ძვირი საფასურის გადახდა მოუწევთ. ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთის მოქმედებებისა და გეგმების გამოვლენას, რათა გაურთულდეთ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ქმედებების გახორციელება. მაგრამ ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ რუსეთი ჩაერთვება მნიშვნელოვან დიალოგში და კონფრონტაციის ნაცვლად დიპლომატიას აირჩევს. ჩვენ მზად ვართ, დავსხდეთ და ვიპოვოთ პოლიტიკური გამოსავალი“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.