ირაკლი შოთაძე – კოვიდ 19-ით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, ჩვენ მოვახერხეთ ადაპტირება არსებულ რეალობასთან და საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდა

კოვიდ 19-ით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, ჩვენ მოვახერხეთ ადაპტირება არსებულ რეალობასთან და საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდა  – ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

„კორონავირუსით (COVID – 19) გამოწვეული პანდემიის გამო, საქართველოს პროკურატურა 2020-2021 წლებში აქამდე სრულიად ახალი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა – ერთი მხრივ, მოეხდინა სისტემაში თანამშრომლებს შორის ვირუსის გავრცელების პრევენცია და, მეორე მხრივ, გაეგრძელებინა ეფექტიანი საქმიანობა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სამართალწარმოების მაქსიმალურად ხელმისაწვდომ და უწყვეტ რეჟიმში განხორციელების მიზნით, მთელი რიგი მიმართულებებით მუშაობა დისტანციურ რეჟიმში მოგვიწია, მათ შორის სასამართლო პროცესების წარმართვა. მიუხედავად ხსენებული გამოწვევებისა, ჩვენ მოვახერხეთ ადაპტირება არსებულ რეალობასთან და საქმიანობის ეფექტიანობის არამხოლოდ შენარჩუნება, არამედ გაზრდაც, რაშიც ყველა დარწმუნდებით ჩვენი საქმიანობის ანგარიშის გაცნობის შემდგომ,“- აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა.

მისივე თქმით, საქართველოს პროკურატურისთვის 2021 წელი მნიშვნელოვანი წარმატებების წელი იყო და თამამად შეიძლება ითქვას, რომ უწყება ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდება განვითარების სტრატეგიით დაგეგმილ მიზნებს.

„წარმოდგენილი ანგარიში მოიცავს ინფორმაციას სისტემისთვის პრიორიტეტულ ისეთ მიმართულებებთან დაკავშირებით, როგორიცაა: პროკურატურის ახალი 6 წლიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, ცალკეულ დანაშაულებებზე განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკა, ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე მორგებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ანალიტიკაზე ორიენტირებული ორგანიზაციული მართვის მოდელი და ციფრული ტრანსფორმაცია, საპროკურორო საქმიანობის ხარისხის ამაღლება, თანამშრომელთა მოტივაციის გაძლიერება, მათთვის მატერიალურ-ტექნიკური და სოციალური პირობების გაუმჯობესება, საზოგადოების პროაქტიული ინფორმირება საქმიანობის შესახებ და ნდობის ამაღლება, საერთაშორისო ურთიერთობები“- აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა