არავის არავისზე ნაკლებად არ უყვარს უკრაინა და თუ ვინმეს შეხვდა ან ვერ შეხვდა, ამის უკან პოლიტიკური სარჩულის ძებნა არასწორია – დავით სერგეენკო

არავის არავისზე ნაკლებად არ უყვარს უკრაინა და თუ ვინმეს შეხვდა ან ვერ შეხვდა ღარიბაშვილი, ეს მის პროტოკოლს ჰკითხეთ, – ასე პასუხობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო ჟურნალისტის კითხვას, რატომ არ შეხვდნენ ღარიბაშვილი და ზელენსკი მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში.

სერგეენკოს თქმით, კონფერენციაზე ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის მხარდამჭერი მკაფიო განცხადება გააკეთა.

„რატომ შეხვდა ან არ შეხვდა პრემიერი მიუნხენის კონფერენციაზე ვინმეს, ამაზე მე ვერ გიპასუხებთ, ალბათ შეხვედრების ორგანიზატორებს უნდა ჰკითხოთ, მე ამის უკან რაღაც პოლიტიკურ მოცემულობას ვერ ვხედავ. ეს ინტენსიური შეხვედრების ფორმატია და ყოველთვის ყველასთან ვერ ხერხდება ხოლმე. რაც შეეხება უკრაინას, ყოველგვარი შეფასებების გარეშე, მშრალ ქრონომეტრაჟს მოვყვები. 2014 წლის სექტემბერში, როცა ირაკლი ღარიბაშვილი იყო პრემიერი და მე ვიყავი ჯანდაცვის მინისტრი, დამირეკა და დამავალა, სასწრაფოდ ჩავსულიყავი კიევში. მეორე დღესვე იქ ვიყავი და პირველი ქვეყანა ვიყავით, რომელიც კონფლიქტის დაწყების მერე ჩავიდა უკრაინაში, არ მინდა, დავამადლო, მაგრამ ძალიან დიდი ჰუმანიტარული დახმარებები ჩავიტანეთ და გარკვეული პერიოდი იქ ვიყავი. ასე რომ, არავის არავისზე ნაკლებად არ უყვარს უკრაინა და თუ ვინმეს შეხვდა ან ვერ შეხვდა, არ ვიცი რატომ, ეს მის პროტოკოლს ჰკითხეთ, ამის უკან პოლიტიკური სარჩულის ძებნა არასწორია,”- განაცხადა სერგეენკომ.