ვლადიმირ ზელენსკი – ახლა ქაოსის დრო არ არის, ჩვენ მხარს ვუჭერთ დიპლომატიურ მოლაპარაკებას და პროვოკაციას არ წამოვეგებით

რუსეთი დონეცკის და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების აღიარებით მინსკის შეთანხმებიდან გამოვიდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ გავრცელებულ ვიდომიმართვაში განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთმა ფაქტობრივად მოახდინა ლეგალიზაცია იმ რუსული სამხედრო ძალებისა, რომლებიც 2014 წლიდან იმყოფებიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ დიპლომატიურ მოლაპარაკებას და პროვოკაციას არ წამოვეგებით. უკრაინას აქვს გაერო-ს წესდებით გაწერილი კოლექტიური და ინდივიდუალური თავდაცვის უფლება. ახლა ქაოსის დრო არ არის, ჩვენ დიპლომატიური გზის მომხრეები ვართ და ამ გზას არ გადავუხვევთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინამ სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს.

„ჩემს ზურგს უკან უკრაინაა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ეს ასეც დარჩება, როგორი განცხადებებიც არ უნდა გააკეთოს რუსეთის ფედერაციამ. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ამისთვის მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, ჩვენს ყველა მოქალაქეს. თქვენ ამტკიცებთ, რომ უკრაინა გონიერი და ბრძენი ერია. თქვენ არ ჰყვებით ემოციებს. ჩვენ დიდი ხანია ამისთვის ვემზადებოდით. არ არსებობს მიზეზი, რომ თქვენ ღამე არ გეძინოთ. უკრაინა რუსეთის ქმედებებს ცალსახად აღიარებს ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შელახვად და ყველა შედეგზე ამ გადაწყვეტილებისა პასუხისმგებელია რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა“, – განაცხადა ზელენსკიმ.