ახლა არის სწორედ ის დრო, როდესაც აი, ამ რბილი ძალის სანქციების პოლიტიკას უნდა მიყვეს მყარი ძალა – კახა ქემოკლიძე 

ის სანქციები, რაც დასავლეთის მხრიდან დაწესდა ნამდვილად მტკივნეულია და ფინანსური ზარალი და ჭრილობა პირდაპირპროპორციულად აისახება რუსეთის საგარეო პოლიტიკაზე – ამის შესახებ პარტია ,,საქართველოსთვის” პოლიტიკურმა მდივანმა, კახა ქემოკლიძემ ,,ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით,  ლუგანსკის და დონეცკის აღიარება ნიშნავს იმას, რომ პუტინს შეუძლია ცეცხლი გაუხსნას ცენტრალურ ხელისუფლებას.

,,ჩემი ანალიზით და შეფასებით ორი ძირითადი სცენარი იყო. მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა პუტინმა აღიარა დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებლობა და ანალიტიკოსთან ერთი ჯგუფი ვარაუდობდა, რომ შესაძლებელია ეს იყო მისთვის სახის შენარჩუნების გამოსავალი.

მეორე თეორია, რომელიც დღეის მოცემულობით ვითარდება მდგომარეობს იმაში, რომ ის აპირებს სამხედრო წამოწყებას უკრაინის ხელისუფლების მიმართ და ტაქტიკურად ეს მარტივად შესასრულებელია იმ მოცემულობით, რა მოცემულობაც დღეს არის.

ეს გულისხმობს იმას, რომ მან აღიარა ლუგანსკი და დონეცკი იმ ადმინისტრაციულ საზღვრებში, რომლის 70% აკონტროლებს ცენტრალური ხელისუფლება. ეს იმას ნიშნავს რომ მანიპულირებადი რეჟიმების მეშვეობით, პუტინს შეუძლია ცეცხლი გაუხსნას ცენტრალურ ხელისუფლებას, რაზედაც ზელენსკის განცხადებებიდან ჩანს, რომ ისინი ცეცხლს უპასუხებენ.

იმიტომ რომ უბრძოლველად ისინი ამ ტერიტორიებს არ დათმობენ. შესაბამისად, რუსეთის ფედერაციას შესაძლებლობა მიეცემა გუშინ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ომში ჩაერთოს ლუგანსკის და დონეცკის დე ფაქტო ხელისუფლებების მოთხოვნის საფუძველზე.

ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით ამ ცვალებად გარემოში ეს ორი ძირითადი სცენარია და ეს უკანასკნელი უფრო ვითარდება და ვნახოთ როგორ იმუშავებს დასავლეთი სანქციების დონეზე. ის სანქციები, რაც დასავლეთის მხრიდან დაწესდა ნამდვილად მტკივნეულია და ფინანსური ზარალი და ჭრილობა პირდაპირპროპორციულად აისახება რუსეთის საგარეო პოლიტიკაზე.

ცნობილი გამონათქვამია, რომ რბილი ძალა ამართლებს მაშინ, როდესაც ზურგს მყარი ძალა უმაგრებს. ეხლა არის სწორედ ის დრო, როდესაც აი ამ რბილი ძალის სანქციების პოლიტიკას უნდა მიყვეს მყარი ძალა” – განაცხადა ქემოკლიძემ.