მიხეილ სააკაშვილი – ახლა მაინც ხომ დარწმუნდა ყველა, 2008 წელს სულ რომ თითი არ გამენძრია, სულ რომ ერთი ტყვია არ გამესროლა, აგრესორს არ სჭირდებოდა შემოჭრისთვის არანაირი საბაბი

როდესაც მოდის დათვი შესაჭმელად, რამდენი „ბაბაია“ არ უნდა უძახო, არ შველის! ამიტომ ამ ომს თავიდან ვერ ავიცილებდით და ჩვენზე გამოსცადეს ყველაფერი, რაც ახლა უკრაინაში მიმდინარეობს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, 2008 წელს საქართველოზე გამოსცადეს ყველაფერი, რაც ახლა უკრაინაში მიმდინარეობს.

„მე მინდა მოგმართოთ სიტყვით, რომლითაც ჯერ არასდროს მომიმართავს. პუტინმა დაიწყო ომი უკრაინის წინააღმდეგ. ამ ომის მიზანია უკრაინის სახელმწიფოს გაუქმება, საქართველოს შემოერთება, რუსეთის იმპერიის აღდგენა. ეს არის უდიდესი საკითხი. ახლა მაინც ხომ დარწმუნდა უკანასკნელი ადამიანი, ვინც არსებობს, რაც არ უნდა მექნა მე 2008 წელს, სულ რომ თითი არ გამენძრია, მსოფლიოსთვის არ შემეტყობინებინა, სულ რომ ერთი ტყვია არ გამესროლა, აგრესორს არ სჭირდებოდა შემოჭრისთვის არანაირი საბაბი. ზელენკიმ ბოლომდე ყველაფერი გააკეთა, რომ არ ეპასუხა რუსული პროვოკაციებისთვის, არ უშველა. როდესაც მოდის დათვი შესაჭმელად, რამდენი „ბაბაია“ არ უნდა უძახო, არ შველის! ამიტომ ამ ომს თავიდან ვერ ავიცილებდით და ჩვენზე გამოსცადეს ყველაფერი, რაც ახლა უკრაინაში მიმდინარეობს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს,  ეს ომი არის  დიდი ტრაგედია.

„ეს არის გადამწყვეტი ამბავი ჩვენთვის. კარგი ამბავი არის ერთი – რაც არ უნდა გააკეთოს რუსეთმა, ალბათ, მიიტაცებს გარკვეულ ტერიტორიას დროებით, მაგრამ ბოლოს და ბევრად უფრო მალე, ვიდრე გვგონია, ეს მიგვიყვანს რუსეთის იმპერიის ჩამოშლამდე და რუსეთის, როგორც სახელმწიფოს გაუქმებამდე. რუსეთმა გადაწყვიტა გაგვაუქმოს ჩვენ ყველა და გამოუცხადა ომი მთელ მსოფლიოს. მსოფლიო დასჯის მას. ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. ეს დამთავრდება მათი გაუქმებით და ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებით. მან მიიტანა იერიში ოდესაზე, ხარკოვზე, სადაც ეგულება დასაყრდენი ძალა, მაგრამ თუნდაც ოდესაში თავის დროზე ბევრი ვიმუშავე, რომ უკრაინული ძალები გაძლიერებულიყო. უკრაინელები არასდროს დავნებდებით. ამას ვამბობ, რადგან უკრაინის პასპორტი მაქვს და ჩემი ცხოვრების, თითქმის, 20 წელი ამ ქვეყანაში მაქვს გატარებული. არასდროს ჩამოვუშვებთ ხელებს“, – განაცხადა სააკაშვილმა.