ბექა დავითულიანი – ძალიან სამწუხარო რამ მოხდა ჩვენი რეგიონისთვის და ცივილიზებული მსოფლიოსთვის, სამწუხაროდ, გუშინდელი ქმედებების შემდეგ სიტუაცია არსებითად არის დამძიმებული

ძალიან სამწუხარო რამ მოხდა ჩვენი რეგიონისთვის და ასევე ცივილიზებული მსოფლიოსთვის. სამწუხაროდ, გუშინდელი ქმედებების შემდეგ სიტუაცია არსებითად არის დამძიმებული და შეცვლილი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ის სიტუაცია, რაც გუშინ იყო, ვეღარ იქნება რეგიონსა და ევროპაში.

„ჩვენ გვმართებს ძალიან ფრთხილი მოქმედება, რომ არ დავაზიანოთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, ეს მთლიან რეგიონში როგორც მინიმუმ გამოიწვევს ეკონომიკურ კრიზისს, სხვა შემთხვევაში გაზრდილია უსაფრთხოების რისკები. ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან მჭიდრო კომუნიკაციით ძალიან პრაგმატულად და ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ. დღეს ჩვენი ყოველი ქმედება, რიტორიკა და კონკრეტული ნაბიჯები შეთანხმებულია ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან. რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიცია არის მკაფიო და გმობს მეგობარ უკრაინაში რუსეთის შეჭრას. ეს პოზიცია გამოხატა როგორც პრემიერ-მინისტრმა, ასევე პარლამენტის თავმჯდომარემ. ამ წუთებშიც მიმდინარეობს კონსულტაციები ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის, თუ რა და როგორ უნდა წარიმართოს ამ დღეების განმავლობაში. პირველ რიგში, ჩვენი ამოცანაა, ვინც უკრაინაში საქართველოს მოქალაქეა, მათი უსაფრთხოების დაცვა მოხდეს, შეძლებისდაგვარად მათი გამოყვანა, ჩვენი ამოცანაა, რომ უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში არიან ტურისტული თუ სხვა მიზნებით, იყვნენ უზრუნველყოფილი მინიმალური საჭიროებებით“, – განაცხადა დავითულიანმა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. უკრაინის რამდენიმე ქალაქში აფეთქებების ხმა ისმის. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.