პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებებში საზოგადოების მაქსიმალურ ჩართულობას შეუწყობს ხელს

საქართველოს პრეზიდენტი არ ქმნის არანაირ ალტერნატიულ კომისიას,- ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილის პრესსპიკერმა ეკა  მიშველაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტი მაქსიმალურად უზრუნველყოფს საკონსტიტუციო ცვლილებებში ხალხის ჩართულობას და უზრუნველყოფს იმას, რომ პარლამენტამდე მივიდეს ხალხის ხმა, რაც არის მთავარი დანიშნულება კონსტიტუციის გადასინჯვის.

“საქართველოს კონსტიტუციაში კონსტიტუციის გადასინჯვის პროცედურას განსაზღვრავს 102-ე მუხლი, რომლის მეორე პუნქტი ამბობს: „კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი წარედგინება საქართველოს პარლამენტს, რომელიც აქვეყნებს მას საყოველთაო-სახალხო განხილვისთვის.“ ეს არის ერთადერთი აუცილებელი იურიდიული ნორმა, რომელიც უზრუნველყოფს პროცესში საზოგადოების ფართო ჩართულობას. სწორედ ამ პროცესის მაქსიმალურად გააქტიურებას და ამუშავებას შეუწყობს ხელს საქართველოს პრეზიდენტი“, – აღნიშნა ეკა მიშველაძემ.

პრესსპიკერის განცხადებით, პრეზიდენტს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ქართულ კონსტიტუციონალიზმს აქვს კონსტიტუციის კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებზე მორგების სამწუხარო ტრადიცია, რისი თავიდან აცილების ერთადერთი საშუალება, ბალანსისა და გაწონასწორების მექანიზმების ამუშავებაა.

„პრეზიდენტის აზრით, სწორედ ამ მექინიზმების მაქსიმალური გააქტიურება იძლევა საშუალებას, შეიქმნას საზოგადოებრივ-პოლიტიკური თანხმობის მაღალი ლეგიტიმაციის მქონე დოკუმენტი. საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ საკონსტიტუციო კომისიის შექმნის წესს არ განსაზღვრავს არც ერთი კანონი. შესაბამისად, კომისია უნდა იქმნებოდეს ფართო პოლიტიკური კონსენსუსის და კონსულტაციების საფუძველზე, რაც სამწუხაროდ, მიუხედავად პრეზიდენტის არაერთი შეთავაზებისა, არ შედგა“,- განაცხადა ეკა მიშველაძემ.

 

 

კომენტარის დატოვება