FIFA-მ რუსეთს დროშისა და ჰიმნის გამოყენების უფლება ოფიციალურად ჩამოართვა, გუნდს ტურნირებიდან გაძევება ემუქრება

რუსეთის საფეხბურთო ნაკრები ითამაშებს სახელწოდებით – „რუსეთის საფეხბურთო კავშირის ნაკრები“ და მას არ ექნება ჰიმნი და დროშა, – წერია ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის განცხადებაში.

გარდა ამისა, რუსეთის ტერიტორიაზე არ გაიმართება საერთაშორისო მატჩები. რუსეთის გუნდის თამაშები ჩატარდება ნეიტრალურ მოედნებზე და მაყურებლების გარეშე.

„ფიფა გააგრძელებს მუდმივ დიალოგს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან, უეფა-სთან და სხვა სპორტულ ორგანიზაციებთან დამატებითი ზომების ან სანქციების განსაზღვრისთვის, მათ შორის, ტურნირებიდან ჩამოშორებას. ეს შეიძლება უახლოეს მომავალში მოხდეს, თუ სიტუაცია მალე არ გაუმჯობესდა. ფიფა მზად არის მიიღოს ნებისმიერი ეს გადაწყვეტილება“, – წერია განცხადებაში.