ვლადიმერ პუტინი მზადაა, გამოიყენოს ბარბაროსული ტაქტიკა მოქალაქეების წინააღმდეგ – როგორც არასდროს, დარწმუნებული ვარ, რომ პუტინი დამარცხდება – ბორის ჯონსონი

ამ თავზარდამცემი კონფლიქტის დროს, დარწმუნებული ვარ როგორც არასდროს, რომ პუტინი დამარცხდება და პუტინი უნდა დამარცხდეს, – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა, პოლონეთში ვიზიტის დროს განაცხადა.

ბრიტანეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, დასავლეთის საერთო ამოცანაა, დაიცვას და შეინარჩუნოს სუვერენული და დემოკრატიული უკრაინა.

„ჩვენ დღეს ვხედავთ კატასტროფას ევროპის კონტინენტზე და ჩვენი პოლონელი მეგობრები ფრონტის ხაზზე იმყოფებიან. პოლონეთის მთავრობა და ხალხი შესანიშნავ საქმეს აკეთებს ჰუმანიტარული კრიზისის გამკლავების კუთხით. ბრიტანეთი მზად არის, დაგეხმაროთ. ორი ჰუმანიტარული თვითმფრინავი უკვე დაეშვა პოლონეთში და დახმარება კიდევ მოვა. პუტინი მზადაა, გამოიყენოს ბარბაროსული ტაქტიკა მოქალაქეების წინააღმდეგ. ვლადიმერ პუტინი ბომბავს უდანაშაულო მოქალაქეებს. ბომბავს შენობებს. ბავშვები იხოცებიან. ის სათანადოდ ვერ აფასებს ორ რამეს: პირველი არის უკრაინელი ხალხის სურვილი, დაიცვას საკუთარი ქვეყანა, მათი რწმენა რომ აქვთ თავდაცვის უფლება. აქვე მინდა პატივისცემით მოვიხსენიო ვოლოდიმირ ზელენსკის ლიდერობა. ის შთააგონებს და მობილიზებას უკეთებს არამხოლოდ თავის ხალხს, არამედ მთელ მსოფლიოს. მეორე არის, რომ პუტინი სათანადოდ ვერ აფასებს დასავლეთის და მთელი მსოფლიოს ერთობას და სიმტკიცეს“, – აღნიშნა ბორის ჯონსონმა.