იაგო ხვიჩია – პოლიტიკოსები საპროტესტო აქციაზე საქმეს აფუჭებენ, ხალხს ვაცადოთ, რა უნდათ

პოლიტიკოსები საპროტესტო აქციაზე საქმეს აფუჭებენ, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ გუშინ პარლამენტთან გამართულ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ხალხი უნდა ჩამოყალიბდეს და მათ აცადონ, რა უნდათ.

„პოლიტიკოსები საპროტესტო აქციაზე საქმეს აფუჭებენ. არსებობენ პროფესიონალი მომიტინგეები როგორც პოლიტიკაში, ასევე აქტივისტებში, რომელთაც ხელიდან მიკროფონს ვერ წაართმევ, მათი ხმის გაგონებისთანავე კი, ხალხი ნელ-ნელა იშლება. ამას ვხედავთ და მგონი, არ ვიმჩნევთ, რომ ასე ხდება. ვინც ასეთ დროს იქ დგას და მიკროფონს ეტანება, მიკროფონს უნდა ჩამოვაშოროთ, რომ ეს პროცესი წარმატებული იქნება. ხალხი უნდა ჩამოყალიბდეს, მათ ვაცადოთ, რა უნდათ. დიდი ხანია, ჩამოყალიბებული არიან პოლიტიკოსები, რომ „ქოცები“ არ მოსწონთ და უნდა „გადააგდონ“. ქართველი ხალხი ჩამოყალიბებული არ არის ფორმაში, გზაში და იმაში, რა იქნება „ქართული ოცნების“ შემდეგ. ამ ადამიანებს მიტინგიდან ეუბნები, რომ მოდით, დავამხოთ „ქართული ოცნება“ და პროევროპული ხალხი მოგვიყვანეთო, ეს ასე არ ხდება. პოლიტიკურ სპექტრს ჯერ საკმარისი რეპუტაცია არ აქვს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.