რუსული აგრესიის გაკვეთილები ვერ ვისწავლეთ – ვერავინ იტყვის, რომ არ გაგვაფრთხილეს, რადგან ვნახეთ, რა გააკეთა რუსეთმა საქართველოში 2008 წელს და უკრაინაში 2014 წელს – ბორის ჯონსონი

რუსეთის ქმედებები საქართველოში 2008 წელს და უკრაინაში 2014 წელს, ისევე როგორც სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლა სოლსბერიში გაფრთხილება იყო დასავლეთისთვის, – განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა გაზეთ The New York Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

სტატიაში ბორის ჯონსონი აღნიშნავს, რომ დასავლეთმა ვერ ისწავლა რუსული აგრესიის გაკვეთილები წარსული მოვლენებიდან.

„ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მეორე ლოყას ვუშვერდით. პოლონეთსა და ესტონეთში ბოლო ვიზიტების დროს ჩემს კოლეგებთან საუბრიდან ვიცი, რამდენად მწვავედ გრძნობენ ისინი საფრთხეს. რაც არ უნდა დრო დასჭირდეს, ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ უკრაინაში რუსეთის ქმედებების მცოცავი ნორმალიზება“, – წერს თავის სტატიაში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ასევე აცხადებს, რომ 2008 წელს რუსეთის საქართველოში შეჭრისა და 2014 წელს ყირიმის ანექსიის გაკვეთილი არის ის, რომ რუსული აგრესიის შედეგების მიღება უბრალოდ ხელს უწყობს შემდგომ დარღვევებს.

„ვერ დავუშვებთ, რომ კრემლმა დამოუკიდებელი ქვეყნის ნაწილები მოკბიჩოს და ადამიანებს უზარმაზარი ტანჯვა მიაყენოს. ახლა უნდა ვიმოქმედოთ ევროატლანტიკური უსაფრთხოების გასაძლიერებლად. ეს მოიცავს არა მხოლოდ ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას, არამედ ნატოს არაწევრ ევროპულ ქვეყნებსაც, რომლებიც პოტენციურად რუსული აგრესიის საფრთხის ქვეშ არიან, როგორიცაა მოლდოვა, საქართველო და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები. ხოლო ის, ვინც მონაწილეობს ან ხელს უწყობს რუსეთის აგრესიას, როგორიცაა ბელარუსი, მაქსიმალურ სანქციებს დაექვემდებარება“, – აღნიშნავს ბორის ჯონსონი.