,,ნამდვილ ჯოჯოხეთში ვიყავით ორი დღე, მსგავსი ომი ფილმებშიც არაა ასახული” – ირაკლი ოქრუაშვილი

„ნამდვილ ჯოჯოხეთში ვიყავით ორი დღე, მსგავსი ომი ფილმებშიც არაა ასახული“, – ასე აფასებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი უკრაინაში ყოფნის ორ დღეს.

მისივე თქმით, ,,არავის არ სიამოვნებს ადამიანების ხოცვა, მაგრამ როდესაც ბოროტება ომს უცხადებს სიკეთეს, სხვა არჩევანი აღარ გრჩება”.

„ნამდვილ ჯოჯოხეთში ვიყავით ორი დღე, მსგავსი ომი ფილმებშიც არაა ასახული.

50 კაციანი ჯგუფიდან დავკარგეთ სამი უკრაინელი პატრიოტი. სამარადისო ხსოვნა და დიდება მათ. მსუბუქად დაგვეჭრა ორი წევრი და ერთმა კანტუზია მიიღო. საიქიოს გავისტუმრეთ 35-მდე რუსეთელი (რუსიც და არარუსიც).

შეუძლებელია სიტყვებით გადმოსცე ის ბრძოლა, რომელიც 48 საათი გაუჩერებლად მიდიოდა და კიდევ გრძელდება. არავის არ სიამოვნებს ადამიანების ხოცვა, მაგრამ როდესაც ბოროტება ომს უცხადებს სიკეთეს, როდესაც რეგრესს სურს პროგრესის განადგურება და დიქტატორს სურს დემოკრატია მოკლას, სხვა არჩევანი აღარ გრჩება ასეთ ბრძოლაში.

რომ არა ერთი უკრაინელი მფრინავი და არტილერისტები, დანაკარგი უფრო მეტი გვექნებოდა, ასამდე მხოლოდ 152 მმ-იანი ჭურვი გვესროლეს 6 საათში, მაგრამ ვისაც არ ესმის ეს რას ნიშნავს ადვილად ვერ მიხვდება.

დღის გმირი მაინც ნოდო სიმონიშვილი იყო, რომლის გამბედაობაზე მეტად სითავხედე და ნიჭი ყველამ ერთხმად აღიარა (14 გასროლით 15 ორკი დაადუმა სამუდამოდ).

ყველა ამაყი ვიყავით, როდესაც ჩვენი „სითავხედით“ გაკვირვებულები გვიყურებდნენ შვედები, პოლონელები, ჩეხები და მრავალი სხვა. ბოლოს უკრაინელებმა ძალით გამოგვიყვანეს, დასვენების დრო გაქვთ და ახლა ჩვენი ჯერიაო“, – წერს ოქრუაშვილი ,,ფეისბუქის” პირად გვერდზე.