მაკროეკონომიკური პარამეტრები ჯერჯერობით არის აბსოლუტურად ჯანსაღი და რეალურად, ეროვნული ვალუტის გაუფასურების ობიექტური საფუძვლები არ არსებობს – ლევან დავითაშვილი

ლარის კურსის გაუფასურება გამოწვეულია, ძირითადად, ემოციური ფაქტორებით. ჩვენ ვთანხმდებით ეკონომიკურ გუნდში, მათ შორის, ჩვენს ძირითად პარტნიორებთან, რომ მაკროეკონომიკური პარამეტრები, ჯერჯერობით, არის აბსოლუტურად ჯანსაღი და რეალურად, ეროვნული ვალუტის გაუფასურების ობიექტური საფუძვლები არ არსებობს“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილი.

მისივე თქმით, პოლიტიკური პროცესები, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს, ასევე ხელს უწყობს გაუფასურებას და აჟიოტაჟს, რომელიც ეროვნული ვალუტის გარშემო იქმნება.

„ჩვენ გვესმის, რომ ალბათ ბევრი პანიკური მოვლენა იყო და ამ შემთხვევაში ძირითადად და სამწუხაროდ, ზარალდებიან ჩვენი მოქალაქეები, ასევე ბიზნეს-აქტორები. რეგიონში, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი გამოწვევა არის – რთული ვითარება, საომარი პირობები, მძიმე სანქციები და ბუნებრივია, ეს გარკვეულ ნეგატიურ მოლოდინებს აჩენს ჩვენი ვალუტის მიმართაც. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის მხოლოდ იმ მოლოდინების შედეგად გაუფასურებული კურსი. ლარის გაუფასურების ობიექტური საფუძვლები არ არსებობს, პირიქით, უპრეცედენტო, 18%-იანი ეკონომიკური ზრდა გვქონდა და სხვა მიმართულებითაც – სავალუტო შემოდინებები გაიზარდა, რეკორდული იყო სავალუტო ტრანსფერები – 168 მლნ დოლარი იანვრის მონაცემებით. რაც არ უნდა სავაჭრო ჩავარდნაზე ვსაუბრობდეთ დღეს, რა თქმა უნდა, ის ვერ აისახებოდა ასე მყისიერად კონკრეტულ ეკონომიკურ რიცხვებში, პარამეტრებში. ამიტომ ეს არის ძირითადად ემოციური ფაქტორები, რომელსაც სჭირდება სწორი, კოორდინირებული, ერთსულოვანი პოლიტიკა“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.