რუსეთიდან ვიზიტორების შემოსვლის სტატისტიკა აჩვენებს, რომ გაზრდილი არ არის, წინასწარი აჟიოტაჟის ატეხვა არასწორი ტაქტიკაა – ირაკლი ქადაგიშვილი

საქართველოში რუსეთიდან ვიზიტორების შემოსვლის სტატისტიკა აჩვენებს, რომ გაზრდილი არ არის, წინასწარი აჟიოტაჟის ატეხვა და პანიკის დათესვა არის ძალიან არასწორი ტაქტიკა, რომელსაც სამწუხაროდ, ოპოზიცია ყველა მიმართულებით ირჩევს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, სტატისტიკის მაჩვენებლები დაახლოებით იგივეა პარამეტრებში ტრიალებს, რაც პანდემიამდე პერიოდში იყო და ცოტათი უფრო ნაკლებიც არის.

„წინასწარი აჟიოტაჟის ატეხვა და პანიკის დათესვა არის ძალიან არასწორი ტაქტიკა, რომელსაც სამწუხაროდ, ოპოზიცია ყველა მიმართულებით ირჩევს. რაც შეეხება ამ მიმართულებით საფრთხეებს, რომელიც შეიძლება ზოგადად ქვეყანას გააჩნდეს, ამ საკითხზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პასუხი გაგვცა, რომ ეს არის მუდმივი მონიტორინგისა და ფართო ოპერატიული მუშაობის საგანი სამართალდამცავების მხრიდან. აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, ამ თემით სპეკულირება იმ მიზნებს ემსახურება, რასაც ქართული ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლების წინააღმდეგ ეწევა და შექმნილ ვითარებას იყენებს საკუთარი ვიწროპარტიული დღის წესრიგის შესასრულებლად“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.