“ოცნება”, გამოფხიზლდი! სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უცხოელებზე გაყიდვის დაკანონება საქართველოს დასასრულის დასაწყისია!”

ვაჟა ბერიძე

პოლიტოლოგი

-“სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უცხოელებზე გაყიდვის დაკანონება საქართველოს დასასრულის დასაწყისია.

როგორღაც და რაღაცნაირად შემოგვაპარეს – შეიძლებაო, ბრძანებაო, კანონიო, თან ჩქმალავენ, თან ასაბუთებენ, არაფერიაო. აბა, ჩვენს მიწებს ჩვენ ვერ ვამუშავებთ და რა მოხდება უცხოელებმა რომ დაამუშაონ, მუშახელადაც თავიანთი თანამემამულეები მოიწვიონ (აბა ჩვენები გაკრეფილები არიან რუსეთში, თურქეთში და საბერძნეთში), ბრძანებს პარლამენტარი ქალბატონი.

მეგობრებო, მე, ამ ქვეყნის ერთ მოქალაქე, მესმის, ვერ შეგაგონებთ ამ უმარტივეს ჭეშმარიტებას, მაგრამ ნახეთ, პატრიარქი რას ბრძანებს:

„უნდა ვიცოდეთ, რომ მიწა არის ისეთი ფასეულობა, რომლის გაყიდვაც არ შეიძლება. არავის არ აქვს უფლება, არც მეფეს, არც პრეზიდენტს, არც პატრიარქს გაყიდოს ქართული მიწა, ქართული საბადოები, ქართული მდინარეები, წყაროები. ჩვენ უნდა ვიფიქროთ ამაზე“…

ლარის დევალვაცია თრგუნავს და იმავდროულად აღაშფოთებს საქართველოს მოქალაქეებს, მაგრამ იგი ვერ შეძლებს 100 ათასიანი საპროტესტო აქციის შეკრებას პარლამენტთან, რუსთაველის გამზირზე.

ამას ვერც ჩვენი მოქალაქეების უმეტესობის სიდუხჭირე იზამს. ქვეყნის მომავლის იმედით, ამასაც იტანენ.

მაგრამ საარსებო სივრცის დაკარგვის საფრთხე, უმიწაწყლოდ საქართველოს მოქალაქეების დარჩენის გაცნობიერება ისეთ ტალღას ააგორებს, რომელსაც წინ ვერაფერი დაუდგება და ნებისმიერ ხელისუფლებას წალეკავს.

მე არჩევნებზე თქვენ დაგიჭირეთ მხარი. ახლა, მომეცით საშუალება, სხვა მხარდამჭერებთან ერთად, მოგეხმაროთ. ნუ გაასხვისებთ საქართველოს მოქალაქეების საარსებო სივრცეს. მიწა განსაკუთრებული განძია. მას ყველა, მათ შორის, განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში, განსაკუთრებული სიფაქიზით ეკიდება. ჩვენ კიდევ უფრო მეტი სიფრთხილე გვმართებს ქვეყნის მომავლისა და ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით.

სოფლის მეურნეობაში უცხოური ინვესტიციების წახალისება, მიწის უცხოელებზე გასხვისების გარეშეც შეიძლება და ამის დიდი გამოცდილებაც არსებობს მსოფლიოში.

ახლა, ბიუჯეტის შევსებას მიწების გაყიდვით ნუ დააპირებთ.

ტერიტორიული მთლიანობაც აღსადგენია და ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს ამითაც ნუ შევაშფოთებთ

დიახ, ევროპა!
დიახ, ნატო!
დიახ, რუსეთთან კეთილი ურთიერთობა, რაც არ უნდა ძნელი იყოს ამის მიღწევა!

ოცნება“, გამოფხიზლდი!

კვირიკაშვილო, შენ მენეჯერი კი არა, ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი ხარ და ამ შეცდომას ნუ აიღებ საკუთარ თავზე!

კომენტარის დატოვება