,,ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით დისკუსია არის კიდევ ერთი დასტური, რომ „ქართული ოცნება“ ამოწმებს სიტუაციას” – ხათუნა სამნიძე

„ქართული ოცნება“ ამოწმებს სიტუაციას და მან კარგად უნდა გაიაზროს, რომ ჩვენს ქვეყანაში ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე არჩევანი გაკეთებულია, კონსტიტუციაში წერია, რა არის ჩვენი ქვეყნის არჩევანი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ვერ შეცვლის, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაც უკრაინაში რუსეთი ომს აწარმოებს, „ქართული ოცნების“ პოზიციები არ შეესაბამებოდა არც ქვეყნის პოლიტიკურ და ეროვნულ ინტერესებს და არც საქართველოს მოქალაქეების პოზიციას.

„მთელმა მსოფლიომ გაიგო სამწუხაროდ, რომ „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლება, რომელიც არ ითვალისწინებს ეროვნულ ინტერესებს, არის მხდალი, მისი პოზიციები არის უღირსი და არ შეესაბამება საქართველოს ინტერესებს. დღეს ახალი დისკუსია ე.წ. საექსპერტო წრეებში ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით, არის კიდევ ერთი დასტური, რომ „ქართული ოცნება“ ამოწმებს სიტუაციას, სწავლობს ვითარებას და მან კარგად უნდა გაიაზროს, რომ ჩვენს ქვეყანაში არის გაკეთებული არჩევანი ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, კონსტიტუციაში წერია, რა არის ჩვენი ქვეყნის არჩევანი. ვერც კონსტიტუციას შეცვლის „ქართული ოცნება“ და ვერც საქართველოს მოქალაქეებს დაარწმუნებს იმაში, რომ ამ ქვეყანას არ სჭირდება ევროატლანტიკური ინტეგრაცია. უსაფრთხოება, კეთილდღეობა, ამ ქვეყნის ინტერესები გადის ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე და არავითარ ნეიტრალიტეტზე“, – განაცხადა სამნიძემ.