წმიდა ნიკოლოზი ყოფილიყოს თქვენი და საქართველოს მფარველი!-გილოცავთ!

ტროპარი

კანონად სარწმუნოებისა და ხატად სიმშვიდისა, და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან, სამწყსოსა შენისათვის ჭეშმარიტებით, ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმიდაო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.”

ნიკოლოზობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება. 19 დეკემბერი – წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენების, 22 მაისი კი – ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის წმიდა ნაწილების მირონიდან ბარში გადასვენების დღეა. წმიდა ნიკოლოზის ცხოვრება სასწაულებითაა აღსავსე.

ცხოვრება წმინდა ნიკოლოზისა ღვთაებრივი ნათლით იყო გაბრწყინებული. მის ლოცვასა და შემწეობას მრავალი ადამიანი უხსნია ხორციელი თუ სულიერი სიკვდილისაგან. მრავალი გადაურჩენია ზღვაში ჩანთქმისგან, მრავალიც განუკურნავს: ბრმათათვის თვალი აუხელია, კოჭლთათვის საღი ფეხი მიუცია, ყრუთათვის – სმენა, უტყვთათვის – მეტყველების მადლი. სიღატაკეში მყოფთათვის – ცხოვრების სახსარი, დამშეულთათვის – სასმელ–საჭმელი.

ქართველ ხალხში წმიდა ნიკოლოზი დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობს. საქართველოში მის სახელზე აგებული მრავალი ტაძარი არსებობს.

წმიდა ნიკოლოზის ცხოვრებიდან ერთი ეპიზოდი ყველასთვის კარგადაა ცნობილი. როცა წმიდანი ქალაქ პატრაში მღვდლად მსახურობდა, შეიტყო, რომ ერთ გაღატაკებულ კაცს, რომელსაც სამი ქალიშვილი ჰყავდა, მათი გამზითვება და დაქორწინება არ შეეძლო, – განუზრახავს მათი საროსკიპოში გაგზავნა და ამ გზით გამდიდრება. ქალწულები ცრემლით ევედრებოდნენ უფალს გამოხსნას ამ საშინელი ხვედრისაგან. ღმერთმა მათ დასახმარებლად მღვდელი ნიკოლოზი გააგზავნა. სამგზის მივიდა მის სახლთან წმიდა ნიკოლოზი და ყოველ მისვლაზე კარის ზღურბლთან ოქროთი სავსე ქისა დატოვა. ასე შეძლო მამამ თავისი სამივე ქალიშვილის გამზითვება. ამგვარად იხსნა წმიდა ნიკოლოზმა სამი ქალწული და მათი მამა საშინელი განსაცდელისგან. სწორედ ამ ეპიზოდმა წმიდა ნიკოლოზის ცხოვრებიდან განაპირობა სანტა კლაუსის დამკვიდრება დასავლურ ტრადიციაში. ასე, თანდათანობით, იქცა იგი დას. ევროპისა და ჩრ. ამერიკის შობა-ახალწლის სიმბოლოდ – სანტა კლაუსად. შობა ღამეს, წმიდა ნიკოლოზის სასწაულის მოლოდინში, საჩუქრების დასატოვებლად საგანგებოდ წინდებს გამოფენენ ხოლმე. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში შობა ღამეს წინდებსა და ფეხსაცმელს ბუხართან ტოვებენ, რადგან სწამთ, რომ საკვამურიდან სახლში სანტა კლაუსი ან მისი თანაშემწე შემოაღწევს და წინდებსა და ფეხსაცმელში საჩუქრებს ჩააწყობს. თუმცა, თანამედროვე ბავშვის ცნობიერებაში ამჟამინდელი სანტა კლაუსი არანაირად არ უკავშირდება წმიდა ნიკოლოზს.

წმიდა ნიკოლოზი ღრმად მოხუცებული მიებარა უფალს. ადგილობრივ საკათედრო ტაძარში მისი წმიდა ნაწილები დიდხანს უხრწნელად იყო დაცული. მათგან წმიდა მირონი მოედინებოდა, რომლითაც მრავალი სასწაულებრივად იკურნებოდა. 1087 წელს წმიდა ნაწილები იტალიის ქალაქ ბარის მცხოვრებლებმა თავიანთ ქალაქში გადაასვენეს, რადგან მირონ–ლუკიაში მას საფრთხე დაემუქრა მაჰმადიანების მხრიდან.

წყარო: ამბიონი

 

 

კომენტარის დატოვება