სანქციები დაგვიანებული იყო, ახლა ერთად ვამზადებთ უკრაინის გაწევრიანებას ევროკავშირში, აქ კი გთხოვთ – არ დააგვიანოთ, გთხოვთ​ – ზელენსკიმ ევროსაბჭოს მიმართა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპულ საბჭოს სამიტს მიმართა. ზელენსკის თქმით, უკრაინა გაერთიანდა მშვიდობისთვის, ხოლო მშვიდობისთვის უკრაინა აერთიანებს მთელ მსოფლიოს.

ვიდეომიმართვისას პრეზიდენტმა ზელენსკიმ ჩამოთვალა ევროკავშირის ის ქვეყნები, ვინც მხარს უჭერს უკრაინის გაწევრიანებას, ვინც ყოყმანობს, ანდა ვინ იკავებს თავს. პრეზიდენტმა ყურადღება უნგრეთსა და გერმანიაზე გაამახვილა.

,,მსურს, მადლობა გადაგიხადოთ – თქვენ ერთიანი ხართ, გაერთიანებული ჩვენს ირგვლივ. თქვენ სანქციები გამოიყენეთ. ეს ძლიერი ნაბიჯებია, მაგრამ ცოტა დაგვიანებული იყო, რადგან პრევენციული რომ ყოფილიყო, რუსეთი არ მოვიდოდა ომით. ყოველ შემთხვევაში, ზუსტად არავინ იცის, თუმცა შანსი იყო. თქვენ დაბლოკეთ “ჩრდილოეთის ნაკადი 2″, ჩვენ მადლობელი ვართ თქვენი, მაგრამ ასევე ცოტათი გვიანი იყო, რადგან დროული რომ ყოფილიყო, რუსეთი გაზის კრიზისს არ შექმნიდა. ახლა თქვენთან ერთად ვამზადებთ უკრაინის გაწევრიანებას ევროკავშირში, როგორც იქნა. აქ კი გთხოვთ – არ დააგვიანოთ, გთხოვთ. ამ თვის განმავლობაში, თქვენ გქონდათ შესაძლებლობა შეგეფასებინათ, ვის რა ფასი აქვს და თქვენ ნახეთ, რომ უკრაინა უახლოეს მომავალში ევროკავშირში უნდა იყოს. ამისთვის ყველაფერი გაქვთ. ჩვენ გვაქვს ეს შანსი.

უნგრეთი, აქ მსურს შევჩერდე და ვიყო გულწრფელი. ერთხელ და სამუდამოდ, თქვენ თვითონ უნდა გადაწყვიტოთ, ვისკენ ხართ. თქვენ სუვერენული სახელმწიფო ხართ. მე ვარ ნამყოფი ბუდაპეშტში – ვნახე მემორიალი, ფეხსაცმელები მდინარე დუნაის სანაპიროზე, მასობრივ მკვლელობებზე. მისმინე, ვიქტორ, იცი რა ხდება მარიუპოლში? ჩადი შენს სანაპიროზე, შეხედე იმ ფეხსაცმელებს და ნახავ, როგორ მეორდება მსოფლიოში მასობრივი მკვლელობები. ამას აკეთებს დღეს რუსეთი. შენ კი ეჭვი გეპარება დააწესო სანქციები თუ არა? არ ხარ დარწმუნებული გაატარო იარაღი თუ არა? გადაწყვიტო ივაჭრო რუსეთთან თუ არა? ყოყმანის დრო არ არის. დროა, გადაწყვიტო. ჩვენ გვჯერა შენი, გვჭირდება შენი დახმარება. გვჯერა ევროკავშირის და გვჯერა, რომ გადამწყვეტ მომენტში გერმანიაც ჩვენს გვერდით იქნება,”- განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.