გაერო-ს რეზოლუცია, საქართველოს პოზიცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ ვართ საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით როგორც პოლიტიკური, ისე ჰუმანიტარული კუთხით – ზალკანიანი

ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს თანასპონსორობითა და მხარდაჭერით გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული კიდევ ერთი ახალი ჰუმანიტარული ხასიათის რეზოლუცია, მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, რომელმაც განახორციელა აგრესია უკრაინის მიმართ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები და ყველა ღონე იყოს მიმართული იმისკენ, რომ სიტუაცია შემსუბუქდეს ჰუმანიტარული მიმართულებით.

„ეს რეზოლუცია და საქართველოს პოზიცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ ვართ საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით როგორც პოლიტიკური, ისე ჰუმანიტარული კუთხით, ჩვენ მუდმივად ვიქნებით საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების მხარდასაჭერად უკრაინასთან მიმართებაში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ცნობისთვის, გუშინ, ​გაერო-ში 140-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, უკვე მეორედ დაუჭირა მხარი რეზოლუციას, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრას გმობს. საგარეო უწყების ცნობით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ჰუმანიტარული შედეგების შესახებ გაერო-ს რეზოლუციის ერთ-ერთი თანასპონსორი საქართველო იყო.