საქართველო არ არის ნავთობის მწარმოებელი ქვეყანა და სრულად დამოკიდებულია იმპორტზე, ეს აისახა საწვავის ღირებულებაზე – ფინანსთა მინისტრი

ბუნებრივია, საქართველო არ არის ნავთობის მწარმოებელი ქვეყანა და სრულად დამოკიდებულია იმპორტზე, ეს აისახა საწვავის ღირებულებაზე, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

როგორც ხუციშვილი განმარტავს, ბოლო 2 კვირის მონაცემების მიხედვით, ყოველდღიურად ვაჭრობის შედეგები დაახლოებით, 15-20 დოლარის ფასებში მერყეობს, რაც იმის შესაძლებლობას არ იძლევა, რომ გარკვეულწილად, გრძელვადიანი სტრატეგია ჩამოაყალიბონ.

ამასთან, მინისტრის თქმით, მიმდინარე წელს, როცა უკვე ბიუჯეტი დაგეგმილია, სოციალური ვალდებულებებიც აღებული და გაწერილია, 9%-ის ოდენობით საგადასახადო შემოსავლების შემცირება, ისე, რომ სოციალური ვალდებულებების შემცირება არ მოხდეს, შეუძლებელია.

„უნდა აღვნიშნოთ ის, რომ საწვავის ფასი ბუნებრივია, დამოკიდებულია საერთაშორისო ბირჟებზე ვაჭრობიდან გამომდინარე არსებულ ფასზე, დღესდღეობით, სახეზე გვაქვს სიტუაცია, როცა საწვავის ფასი განსაკუთრებით, ბოლო 2 კვირის განმავლობაში დაახლოებით, 15-20%-ით არის გაზრდილი. ბუნებრივია, საქართველო არ არის ნავთობის მწარმოებელი ქვეყანა და სრულად დამოკიდებულია იმპორტზე, ამ მიმართულებით, ამან ასახვა ჰპოვა საწვავის ღირებულებაზე. მეორე საკითხია, თუ რა შეიძლება იყოს გრძელვადიანი პასუხი საგადასახადო თუ სხვა პოლიტიკის მიმართულებით, საწვავის ფასებთან მიმართებაში და ამ სიტუაციაში საკმაოდ რთული მდგომარეობაა იქიდან გამომდინარე, თუ გადავხედავთ ბოლო 2 კვირის მონაცემებს, დაახლოებით, 15-20 დოლარის ფასებში მერყეობს ყოველდღიურად ვაჭრობის შედეგები, რაც დღესდღეობით არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ გარკვეულწილად, გრძელვადიანი სტრატეგია იქნას ჩამოყალიბებული. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია ის, რომ გარკვეული სტაბილურობა შენარჩუნდეს საერთაშორისო ბირჟებზე, რაზეც შემდეგ მოხდება შესაბამისი პასუხის გაცემა საგადასახადო, თუ სხვა პოლიტიკის მიმართულებით” – განაცხადა ხუციშვილმა.