ირაკლი კობახიძე: ძალას არ დააკლებს ხელისუფლება და პირველ რიგში მთავრობა, რომ რამენაირად მოხერხდეს ფასების დაწევა

ირაკლი კობახიძის თქმით,  საწვავის ფასთან დაკავშირებული აქციების ორგანიზატორი „ნაციონალური მოძრაობა“ იყო. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველმა გუნდს შესაბამისი ინფორმაცია აქვს, ფასების ზრდა კი გლობალური ტრენდია.

„რაც შეეხება საწვავზე ფასებსა და ინფლაციას, ეს არის ძალიან მტკივნეული ჩვენი მოსახლეობისთვის. ეს არს პრობლემა და გამოწვევა, რომელზეც საქართველოს ხელისუფლება ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს. ეს არის საერთო პრობლემა. ზოგადად ნავთობსა და სხვა ენერგოპროდუქტებზე ფასები სერიოზულად არის გაზრდილი. ყველა ქვეყანაში დგას ეს პრობლემა, მათ შორის საქართველოში. ეს არის გლობალური ტრენდის შედეგი. თუ რამე შეუძლია გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებას, იმისთვის რომ ხელი შეუწყოს ფასების დაწევას, მერწმუნეთ, რომ ამას გავაკეთებთ. ამაში ვართ დაინტერესებულები ობიექტურად და სუბიექტურად. აქედან გამომდინარე, ძალას არ დააკლებს ხელისუფლება და პირველ რიგში მთავრობა იმას, რომ რამენაირად მოხერხდეს ფასების დაწევა“, – განაცხადა კობახიძემ.