დავით კირკიტაძე: ჩვენს დროს ნავთობი ღირდა 140 დოლარი და საწვავის ფასი 2 ლარს არ ასცდენია, დღეს კი, ბარელი ღირს 110 დოლარი და საწვავი 4 ლარი ღირს

„მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ გამოსავალი არის მარტივი – საქართველოს ხელისუფლების შეცვალა დაასტაბილურებს ლარს, დაწევს ფასებს და ამის შანსი 2 აპრილს გვაქვს ბათუმში“, – განაცხადა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ წევრმა, დავით კირკიტაძემ პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ბარელი ნავთობი ღირდა 140 დოლარი და საწვავის ფასი საქართველოში 2 ლარს არ ასცდენია. დღეს კი, ბარელი ნავთობი ღირს 30 დოლარით ნაკლები – 110 დოლარი და საწვავი 4 ლარი ღირს.

„საწვავის გაძვირება აძვირებს აბსოლუტურად ყველაფერს და მძიმე ყოფაში მყოფ ჩვენ მოქალაქეებს კიდევ უფრო მეტად უმძიმებს მდგომარეობას. საწვავი 4 ლარი ღირს თქვენს გამო. თქვენი უნიათი ეკონომიკური პოლიტიკის გამო ლარი ორჯერ გაუფასურდა და შესაბამისად, ფასები გაიზარდა. დიახ, 2017 წელს თქვენ ორჯერ გაზარდეთ აქციზი საწვავზე, რამაც გამოიწვია გაძვირება. საწვავის გაძვირება, ავტომატურ რეჟიმში, იწვევს ყველაფრის გაძვირებას“, – აღნიშნა დავით კირკიტაძემ.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ არ სურს, რომ ლარის კურსი დასტაბილურდეს და ფასებმა დაიწიოს.

„არ ვეთანხმები ჩემს კოლეგებს, რომ ამას „ქართული ოცნება“ იმიტომ აკეთებს, რომ არ ჰყავს შესაბამისი პროფესიონალები ან არ აქვთ შესაბამისი გამოცდილება. როგორ არ ჰყავთ, ამ დარბაზშივე მოიძებნებიან ადამიანები, ვისაც შეუძლიათ წარმართონ სწორი ფისკალური პოლიტიკა, როგორც საქართველოს მთავრობაში, ასევე ეროვნულ ბანკში, რაც საშუალებას მისცემს ლარს, რომ გამყარდეს და ფასები არ იყოს ასეთი, მაგრამ ამის გაკეთება არ გსურთ. თქვენი ამოცანა არ არის ლარის დასტაბილურება, ფასების კლება იმიტომ, რომ თქვენ არ გაწუხებთ საწვავის გაზრდილი ფასები, რადგან გაქვთ ლიმიტები. თქვენ საწვავის თანხას არ იხდით. თითოეულ ჩინოვნიკს საშუალოდ, 500 ლიტრი საწვავის ლიმიტი აქვს და ასევე, გაზრდილი ფასით თქვენ უფრო მეტ შემოსავალს იღებთ დღგ-ს და აქციზის სახით და ბიუჯეტს როგორ განაკარგავთ ეს ყველასთვის ცნობილია“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.