სტრასბურგის სასამართლომ განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა მიხეილ სააკაშვილის საჩივარი, რომელიც პენიტენციურ სისტემაში მის მკურნალობასა და მის მიმართ მოპყრობას ეხებოდა

„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა მიხეილ სააკაშვილის საჩივარი, რომელიც შეეხებოდა პენიტენციურ სისტემაში მის მკურნალობასა და მის მიმართ მოპყრობას“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბექა ძამაშვილის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით, ამ საქმეში არ არსებობს რაიმე განსაკუთრებული გარემოება ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, რომლის გამოც, საჭირო იქნებოდა საკითხის დამატებითი შესწავლა.

„შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა და მის მიმართ მოპყრობა სრულ შესაბამისობაშია ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებთან და მისი უფლებები და ინტერესები სრულად დაცულია“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

მან განმარტა, რომ ევროპულ სასამართლოს მიეწოდა ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის შესახებ და პენიტენციურ სისტემაში მისდამი მოპყრობასთან დაკავშირებით.

„ეს ინფორმაცია, დეტალურ დოკუმენტაციასთან ერთად, გადაიგზავნა ევროპულ სასამართლოში. შესაბამისად, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს მთავრობის მიერ მიწოდებული ინფორმაციითა და მასალებით და, მეორე მხრივ, მომჩივნის მიერ გაგზავნილი ინფორმაციითა და მასალებით“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ.