ევროკავშირი უმკაცრესად გმობს რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილ სისასტიკეს ოკუპირებული უკრაინის რიგ ქალაქებში – სამოქალაქო პირთა შორის მსხვერპლთა შემზარავი ფოტოები რუსეთის აგრესიის ნამდვილ სახეს აჩვენებს

ევროკავშირი უმკაცრესად გმობს რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილ სისასტიკეს ოკუპირებული უკრაინის რიგ ქალაქებში – სამოქალაქო პირთა შორის მსხვერპლთა შემზარავი ფოტოები რუსეთის აგრესიის ნამდვილ სახეს აჩვენებს – ამის შესახებ ევროკავშირის სახელით უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებაში ვკითხულობთ.

განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ ომის დანაშაულების და სხვა სერიოზული დარღვევების ჩამდენები, ასევე პასუხისმგებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და სამხედრო ხელმძღვანელები აუცილებლად დაისჯებიან.

,,ევროკავშირი უმკაცრესად გმობს რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილ სისასტიკეს ოკუპირებული უკრაინის რიგ ქალაქებში, რომლებიც ახლა უკვე განთავისუფლებულია. დიდი რაოდენობით მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვისა და სამოქალაქო პირთა შორის მსხვერპლთა შემზარავი ფოტოები, ისევე როგორც სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება, აჩვენებს ნამდვილ სახეს რუსეთის აგრესიის და სასტიკი ომის, რომელსაც რუსეთი უკრაინისა და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებს. ქალაქ ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში მომხდარი მასობრივი ხოცვა-ჟლეტა ევროპის მიწაზე ჩადენილი სისასტიკეების სიაში ჩაიწერება.

რუსეთის ხელისუფლება პასუხისმგებელია სისასტიკეებზე, რომლების ჩადენისას რეალურად მათ ჰქონდათ კონტროლი ამ ტერიტორიაზე. ისინი ექვემდებარებიან ოკუპაციის საერთაშორისო სამართალს.

ომის დანაშაულების და სხვა სერიოზული დარღვევების ჩამდენები, ასევე პასუხისმგებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და სამხედრო ხელმძღვანელები ამაზე პასუხს აგებენ. ევროკავშირი მხარს უჭერს ყველა ზომას რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინაში ადამიანის უფლებების დარღვევებსა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევებზე პასუხისმგებლობის უზრუნველსაყოფად.

კერძოდ, ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორის მიერ დაწყებულ გამოძიებას საომარ დანაშაულებებსა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებზე, ისევე როგორც გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) საგამოძიებო კომისიის მუშაობას. ევროკავშირი ეხმარება უკრაინის გენერალურ პროკურორს და სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც ორიენტირებულია ომის დანაშაულებების მტკიცებულებების შეგროვებასა და დაცვაზე.

ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინასა და უკრაინელ ხალხს მთელი მსოფლიოსთვის უმძიმეს საათებში. ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის მტკიცე მხარდაჭერას და სასწრაფოდ განაგრძობს მუშაობას რუსეთის წინააღმდეგ მმაიაიმართულ შემდგომ სანქციებზე.

პრეზიდენტმა პუტინმა დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა შეწყვიტოს ეს ომი.” – აღნიშნულია ინფორმაციაში.