ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებულ კითხვარს საქართველო მომავალ კვირაში მიიღებს – საგარეო უწყება

ველოდებით, რომ ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი მომავალ კვირაში გადმოგვეცემა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარი ნარჩემაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, კითხვარის მიღებით საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის ახალ, მნიშვნელოვან ეტაპზე გადადის.

„საქართველო აქტიურად ემზადება წევრობის განაცხადის შემდგომი პროცედურისთვის. იცით, რომ ევროინტეგრაციის სამთავრობო კომისიაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, პირველ აპრილს გაიმართა, კომისიას დაევალა, მათ შორის კითხვარის შევსების პროცესის ეფექტიანი კოორდიანაცია. ჩვენ დარწმუნებული ვართ, საქართველო წარმატებით გაართმევს თავს ამ პროცესს, ამის საფუძველს იძლევა ის პროგრესი, რაც საქართველოს აქვს, მათ შორის რეფორმების იმპლემენტაციის პროცესში. ის რომ საქართველო, ასოცირებულ ქვეყნებთან ერთად, ასე მოკლე ვადაში იღებს გაწევრიანების კითხვარს, არის ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან საქართველოს ინტეგრაციული პროცესის მხარდაჭერის დასტური და ქვეყნის მიერ გატარებული წარმატებული რეფორმების აღიარება“, – განუცხადეს საქართველოს პირველ არხს საგარეო უწყებაში.