თავის მოწონებამ და კეკლუცმა, რომ სანქციებს არ ვუერთდებით, გააჩინა კითხვები – უნდა გამოვიდეს მთავრობა და ღიად თქვას, რომ სანქციებზე მიერთებული ვართ – პაატა მანჯგალაძე

თავის მოწონებამ და კეკლუცმა, რომ სანქციებს არ ვუერთდებით, გააჩინა კითხვები – უნდა გამოვიდეს მთავრობა და ღიად თქვას, რომ სანქციებზე მიერთებული ვართ, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ პრემიერ-მინისტრის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მანჯგალაძე დადებითად აფასებს ღარიბაშვილის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ საქართველო არასდროს დაუშვებს სანქცირებული ტვირთის გადატანას, თუმცა აცხადებს, რომ არსებული გაუგებრობა ამ საკითხზე, სწორედ მისმა განცხადებებმა განაპირობა.

„ძალიან კარგია, რომ პრემიერ-მინისტრმა ეს თქვა, მაგრამ გაუგებრობა გამოიწვია მათ შორის, მისმა განცხადებამ, რომ საქართველო არ უერთდება სანქციებს. ბუნებრივია, იქ სადაც საქართველო რუსეთზეა დამოკიდებული, თვითდაზიანება იქნება სანქციებზე მიერთება, ეს ყველას ესმის და არავინ თხოვს საქართველოს დამატებით სანქციებს, მაგრამ ტექნოლოგიების ნაწილში, ორმაგი დანიშნულების ტვირთების ნაწილში და ა.შ ღიად უნდა გამოვიდეს მთავრობა და თქვას, რომ სანქციებზე მიერთებული ვართ და არანაირი ორმაგი დანიშნულების ტვირთები არ გადის საქართველოდან რუსეთში. დაგვიანებულია ეს განცხადება, უფრო მეტი სიცხადე უნდა ყოფილიყო, ამ თავის მოწონებამ და კეკლუცმა, რომ სანქციებს არ ვუერთდებით, გააჩინა ეს კითხვები,“ – განაცხადა მანჯგალაძემ.