რა ჭირი დაგვეტაკა, ზოგიერთს რომ გადაუტრიალდა ჭკუა? რადგან რუსეთმა ასე გაგვიკეთა, არ გვინდა რუსული ეკლესიაო – მეუფე სპირიდონი

„რადგან რუსეთმა ასე გაგვიკეთა, რად გვინდა რუსული ეკლესიაო,“ – ამის შესახებ სხალთელმა ეპისკოპოსმა სპირიდონმა ხარების დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა, რითაც ის რუსეთის პატრიარქის კირილეს მიმართ გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა.

სასულიერო პირი მიიჩნევს, რომ როცა პოლიტიკა ერევა სასულიერო საკითხებში, იქ აზროვნება მრუდდება.

„ჩვენ არ უნდა გავეხვიოთ იქ რაღაც ამბებში, შვილებო, როცა პოლიტიკა ერევა სასულიერო საკითხებში, იქ ყოველთვის არის ძალიან დიდი დამახინჯება, იქ არის აზროვნების გამრუდება და ძალიან ბევრი შეცდომების დაშვება. ამიტომ, არასოდეს ჩვენი პოლიტიკური მოსაზრებებით სარწმუნეობაში არ უნდა ვიხელმძღვანელოთ.

აბა ჩვენ რა ჭირი დაგვეტაკა, ზოგიერთს რომ გადაუტრიალდა ჭკუა? რახან რუსეთმა ასე გაგვიკეთა, არ გვინდა რუსული ეკლესიაო და ვიღაც ეპიფანე მწვალებელი, შეჩვენებული (კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი), ის ვაღიაროთო. ჭკუა გვაქვს თავში კაცო? ქრისტეს რას ერჩი? რუსმა რაღაც, რომ დაგიშავა ქრისტესთან რა გინდა? დაინგრევი და განადგურდები. ვის ეხები ქრისტეს ეკლესიას? ამიტომ არ შეიძლება ეს“, – აცხადებს მეუფე სპირიდონი.