„ქართული ოცნება“ უკრაინასთან მიმართებაში რასაც აკეთებს, ეროვნული ღირებულებებისა და ტრადიციების უგულებელყოფაა – ხატია დეკანოიძე

ეროვნული ღირებულებებისა და ტრადიციების უგულებელყოფაა ის, რასაც დღეს უკრაინასთან მიმართებაში „ქართული ოცნება“ აკეთებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ განცხადებები უკრაინის მიმართ, რომ ბოდიში მოუხადონ და შემდეგ ჩავლენ ბუჩაში, შეურაცხმყოფელია.

„ძალიან ახლო პარტნიორ ქვეყანას ეუბნებიან, რომ არ გაიზიარებენ მის ტკივილს, ბოდიში მოუხადონ და შემდეგ ჩავლენ ბუჩაში. ვინ უნდა მოუხადოს ბოდიში? – ასეთი განცხადებები წარმოუდგენელია. ეს ყველაფერი შეურაცხმყოფელია, რადგან „ქართული ოცნების“ განცხადებები არ შეესაბამება ჩვენი ქვეყნის ღირებულებებს. დიდი მოლოდინი არ მქონდა, რომ შალვა პაპუაშვილი უკრაინაში ჩავიდოდა, რადგან უმრავლესობასა და პრემიერს უკრაინაში ჩასვლა არაერთხელ ვთხოვეთ. რასაც ამდენი ხანი „ქართული ოცნება“ გაცხადებულად აჩვენებს, ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება ჩვენს ღირებულებებსა და ტრადიციებს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.