უკრაინაში ჩასვლის პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ როცა ადამიანს ეპატიჟები, დაპატიჟების წინ მომაკვდინებელი უარგუმენტო ცოდვები არ უნდა დააბრალო – ირაკლი ქადაგიშვილი

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ვარაუდობს, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები უკრაინაში ადრე თუ გვიან ჩავლენ.

ირაკლი ქადაგიშვილი უკრაინის რადას თავმჯდომარის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს მეგობრობის ფასიც ესმით და მეგობრობა რაც არის, ესეც კარგად იციან.

მისი თქმით, როცა მეგობრობაზეა საუბარი, წარმოუდგენელია, რატომ აბრალებ საკუთარ მეგობარს უსაფუძვლოდ ისეთ რამეს, რაც ბუნებაში არ არსებობს და თავისი შინაარსით დამაზიანებელია არა მხოლოდ მეგობრობისთვის, არამედ მთლიანად იმ პროცესისთვის, რისთვისაც ორი ქვეყანა იბრძვის.

„ალბათ, მეგობრობის წინაშე უფრო მეტი პასუხისმგებლობა მართებს უკრაინელ მხარეს. ალბათ, არც ერთი საერთაშორისო ფორუმი არ დარჩა, სადაც საქართველო არ იყოს აქტიურად ჩართული და უკრაინის მხარდამჭერი. ალბათ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოეშვან იმ რიტორიკას, რაც დამაზიანებელია და ხელს უშლის, რომ ჩვენს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო მჭიდრო გახდეს. რაც შეეხება ჩასვლა-არჩამოსვლას, ჩვენ არსად ჩასვლის პრობლემა არ გაგვაჩნია. როცა პროვოკაციული განცხადებებით გეხმაურებიან, ხანდახან შეურაცხმყოფელია ასეთი ურთიერთობის დროს ჩასვლა, მით უმეტეს, სახელმწიფო პირველი პირების. საქართველო უკრაინას მყარ მხარდაჭერას უცხადებს. შიდა პოლიტიკური კინკლაობის მაგალითია – ჩამოხვალ თუ არ ჩამოხვალ, გეშინია-არგეშინია, ასეთი სახის კინკლაობა ცოტა ამაზრზენ ხასიათს იძენს. ადამიანს ადამიანურად უნდა მოექცე, როცა ეპატიჟები და დაპატიჟების წინ მომაკვდინებელი უარგუმენტო ცოდვები არ უნდა დააბრალო. უკრაინაში ჩასვლის პრობლემა არც მე და არც სხვა წარმომადგენელს არ გვაქვს, ალბათ, ამასთან დაკავშირებით სხვა ნაბიჯები იქნება გადადგმული. ჩასვლა ადრე თუ გვიან გაკეთდება, მაგრამ უკრაინის მხარემ არსებული ფონი უნდა მოხსნას. არ შეიძლება, სულ ნიშნის მოგებით გველაპარაკებოდეს. იმის გამო, რომ აქ ომი არ მიმდინარეობდეს, ეს ვინმესთვის გამაღიზიანებელი არ უნდა იყოს არც შიდა და არც გარე წრისთვის“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password