ლევან იოსელიანი: არასოდეს ქართულ-უკრაინული ურთიერთობები არ ყოფილა ასეთ დაბალ დონეზე, როგორც დღესაა – ყველა ოპოზიციური პარტია მზადაა უკრაინაში წასასვლელად

სამწუხარო იქნება, თუ „ქართული ოცნება“ ხელიდან გაუშვებს შანსს და მონაწილეობას არ მიიღებს საპარლამენტო ვიზიტში, რომელსაც ოპოზიცია ვგეგმავთ, ჩავიდეთ ბუჩაში და სამძიმარი გამოვუცხადოთ უკრაინის ხელისუფლებას, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, დეპუტატების ვიზიტი იქნება პირველი ნაბიჯი, რათა მართლაც უკიდურესად დაბალ ნიშნულზე დასული ურთიერთობები წამოვწიოთ და დავაბრუნოთ იქ, სადაც იყო და სადაც ყოველთვის უნდა იყოს.

„ჩვენ მივდივართ სამძიმრის სათქმელად. ეს არ არის რაღაც პოლიტიკური დღის წესრიგით დატვირთული ვიზიტი, თუ ვიღაცას ეს რაღაც უხერხულობას უქმნის, თუმცა არ მესმის, რატომ უნდა უქმნიდეს. მაინც იმედს ვიტოვებ, რომ საპარლამენტო დელეგაცია იქნება სრულად წარმოდგენილი, მათ შორის მმართველი პარტიაც მიიღებს მონაწილეობას. არასოდეს ქართულ-უკრაინული ურთიერთობები არ ყოფილა ასეთ დაბალ დონეზე, როგორც დღესაა. ეს ჩემთვის ძალიან სამწუხაროა და რა თქმა უნდა, ამაში ჩვენი ხელისუფლების წვლილიც, ბრალიც არის, რასაც გამოსწორება სჭირდება.

დეპუტატების ვიზიტი იქნება პირველი ნაბიჯი, რათა მართლაც ეს უკიდურესად დაბალ ნიშნულზე დასული ურთიერთობები წამოვწიოთ და დავაბრუნოთ იქ, სადაც იყო და სადაც ყოველთვის უნდა იყოს. ქართველი და უკრაინელი ხალხის ურთიერთობა არასოდეს არ შეწყდება. ეს ყოველთვის განსაკუთრებული იქნება, მაგრამ აქ საუბარია სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებზე. ჩვენ, ოპოზიციას ამ თვალსაზრისით გვაქვს პასუხისმგებლობა, ჩავიდეთ და ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთოთ.

უკვე მქონდა კოორდინაცია ყველა ოპოზიციურ პარტიას შორის, ყველას თანხმობა მაქვს, ყველა მზადაა, რომ წამოვიდეს. ალბათ ამ კვირაში საბოლოოდ დეტალებზეც ჩამოვყალიბდებით და გეტყვით, როდის გავემგზავრებით. ჩვენ უკრაინაში აუცილებლად ჩავალთ და აუცილებლად გამოვუცხადებთ სამძიმარს უკრაინელ ხალხს, უკრაინის ხელისუფლებას“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.